მანდატურის სამსახური

მარგველაშვილი: მანდატურის ინსტიტუტი სასარგებლოა სასკოლო სისტემისთვის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მანდატურის ინსტიტუტი სასარგებლოა სასკოლო სისტემისთვის. მისივე თქმით, მანდატურის სამსახური ჯერ კიდევ მისი მინისტრობის პერიოდიდან რეფორმირდა და "არაფრით არ ჰგავს შაშკინისეულ სისტემას". მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ "ახალი მინისტრი კიდევ უფრო სიღრმეში შევიდა და მანდატურის ინსტიტუტი უფრო მოქნილ სტრუქტურად ჩამოყალიბდა".

"მანდატურის ინსტიტუტთან დაკავშირებით ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუკი წინა ხელისუფლების დროს ეს სამსახური წარმოადგენდა ძირითად ბერკეტს, რომლითაც ყოფილი მთავრობა ფაქტობრივად რკინის ხელით მართავდა სკოლებს, ჩვენ ეს პირველივე წელს შევცვალეთ და უკვე შარშან მანდატურის ინსტიტუტის სულისკვეთება სრულად შეიცვალა. ის სკოლაში მართლწესრიგის დამცავი სტრუქტურა გახდა. თამარ სანიკიძის მინისტრობის დროს კი, მანდატურის სამსახურის შემადგენლობაში შევიდა ფსიქოლოგიური, ბავშვთა და მშობელთა დახმარების, კონსულტაციის სამსახურები. მანდატურის ინსტიტუტი დღეს არანაირად არ მოგვაგონებს შაშკინისეულ სისტემას, რომლითაც სკოლის დირექტორების და მასწავლებელების ტერორი ხორციელდებოდა. დღეს, მანდატურის ინსტიტუტი ამასთან ახლოს არაა. შესაბამისად, ჩემი, როგორც განათლების ყოფილი მინისტრის მოსაზრებაა, რომ ეს სამსახური სასარგებლოა სასკოლო სისტემისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სკოლის მანდატურები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სამინისტროსგან გარანტიებს მოითხოვენ, რომ მანდატურის სამსახური იფუნქციონირებს და თითოეული მანდატური სამსახურში დარჩება.

განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, მანდატურის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გამიზნული პროვოკაციაა. მისი თქმით, სამინისტრომ შესაბამისი დავალება უკვე გასცა და "გაირკვევა, ვინ დგას ამ საქმის უკან". სანიკიძე აღნიშნავს, რომ მანდატურის სამსახურის რეფორმა არაჩვეულებრივად განხორციელდა და სამსახური მუშაობას აგრძელებს.

კომენტარები