პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღე

სახალხო დამცველი უკანონო თვალთვალის ფაქტების გამოძიებას ითხოვს

news.ge

სახალხო დამცველი უკანონო თვალთვალის ფაქტების გამოძიებას ითხოვს. პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უჩა ნანუაშვილი ფარული თვალთვალის პრაქტიკის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. ამასთან, ომბუდსმენი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ 2013 წლის 5 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო და ვიდეო ჩანაწერების ნაწილი განადგურდა.

"როგორც ცნობილია, 2013 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალის შედეგად, მოიპოვებოდა ათასობით ვიდეო და ფოტო მასალა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, შეიქმნა "უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია", რომელშიც წევრის სტატუსით, მიწვეულია საქართველოს სახალხო დამცველი. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ფარული ჩანაწერები არ უნდა განადგურდეს იმ ფორმით, რომ ხელი შეეშალოს გამოძიების ინტერესებს. უკანონოდ მოპოვებული, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურების მსგავსი ერთჯერადი აქცია ვერ უზრუნველყოფს ადამიანის პირადი სივრცის ხელშეუხებლობისთვის მყარ სამართლებრივ გარანტიებს. აუცილებელია, სახელმწიფომ ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების შელახვის ფაქტები ეფექტურად გამოიძიოს და დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტების აღიარება, დამნაშავე პირების გამოვლენა და დასჯა გახდება მსგავსი დარღვევების პრევენციის საფუძველი. მსგავსი დანაშაულის გამოუძიებლობა და მის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის გარეშე დატოვება, ხელს შეუწყობს დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებას, რაც წლების განმავლობაში, ადამიანის უფლებათა სფეროში ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენდა", - აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, დაბალი რანგის შემსრულებლებთან ერთად, გამოვლინდეს და დადგეს ორგანიზატორთა პასუხისმგებლობის საკითხი. 

"ფარული ჩანაწერების გამოძიებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის - თომას ჰამერბერგის მოსაზრება. მისი განცხადებით, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება იმ კადრებზე, რომელიც ადამიანის წამებას ასახავს და უნდა დადგეს წამებაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ამასთან, ჰამერბერგის რეკომენდაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურებისას დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რათა პირადი ცხოვრების ამსახველ მასალასთან ერთად, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ჩანაწერებიც არ განადგურდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ხვალ ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სხდომაზე უკანონო თვალთვალის ფაქტების სრულად გამოძიებას გადაწყვეტენ.

დღეს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა გახსნეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის კონსოლიდაცია და ჰარმონიზაცია განიხილეს. ასევე, გაიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ვებგვერდის პრეზენტაცია.

კომენტარები