მედიკამენტებზე კონტროლი

ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველ მედიკამენტებზე კონტროლი მკაცრდება

netgazeti.ge

შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველი საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე - კონტროლს, ხოლო მათ რეალიზაციასთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობას ამკაცრებენ. ეს ის ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური მედიკამენტებია, რომელთა გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების კუსტარულად დამზადება ხდება შესაძლებელი. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით, პარლამენტს უკვე წარედგინა.

პროექტის თანახმად, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, იმ ავადმოხმარებადი სამკურნალო საშუალებების ნუსხა (ისეთი სამკურნალო საშუალებები და პრეპარატები, რომელთა არადანიშნულებისამებრ გამოყენება სუფთა სახით ან სხვა ნივთიერებებთან ერთად, ნარკოტიკულ თრობას იწვევს) განისაზღვრება, რომლებზეც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისთვის დადგენილი კონტროლის რეჟიმი და ლეგალური ბრუნვის წესები გავრცელდება.

პროექტის მიხედვით, კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტ-ექსპორტის დროს, საქართველოს წლიური მოთხოვნის გათვალისწინებით, სახელმწიფო კვოტა განისაზღვრება, რომელიც შეიძლება შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგინდეს. შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, კვოტის განსაზღვრა ზემოთ მითითებული ნივთიერებების შემცველ ფარმაცევტულ პროდუქტებზე, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ახალ გამოწვევებზე სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს. 

პროექტის შესაბამისად, იმისთვის რომ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქტროპული  ნივთიერებების ექსპორტ-იმპორტი მოხდეს, წინასწარი შეთანხმება და ნებართვა იქნება საჭირო. მათი რეცეპტის გარეშე გაცემა აფთიაქისთვის - როგორც იურიდიული, ასევე მის უკან მდგომი ფიზიკური პირისთვის, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. 

კომენტარები