დათა ახალაიას საქმე

პროკურატურამ დათა ახალაიას და გერონტი ალანიას ბრალი წაუყენა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დავით ახალაიას და პირველი სამმართველოს უფროსს გერონტი ალანიას ბრალი წაუყენა. როგორც ცოტა ხნის წინ, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ყოფილ მაღალჩინოსნებს მოქალაქეების - ვანო ხაბულაშვილის და კახაბერ დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ასევე, მათ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავებიან. ამავე საქმეზე დააკავეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან მეტრეველი. 

გამოძიების ვერსიით, 2005 წლის სექტებერში ვინმე დათო გაცნობის და ურთიერთობის მიზნით მობილურ ტელეფონზე უკავშირდებოდა ვანო ხაბულაშვილის მეგობარ გოგოს, რაც გახდა ვანო ხაბულაშვილთან სიტყვიერი სატელეფონო შელაპარაკების მიზეზი. პროკურატურის განცხადებით, ხსენებული დათო აღმოჩნდა კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია. უწყების ცნობით, შელაპარაკებიდან მალევე, 5 ოქტომბერს ვანო ხაბულაშვილს დაუკავშირდა შსს-ს კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი ვალერიან მეტრეველი და წინასწარ შეთხზული მიზეზით შეხვდა ხაბულაშვილს, რომელსაც თან ახლდა მეგობარი კახაბერ დაბრუნდაშვილი.

"ვალერიან მეტრეველმა სხვა ძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში ხაბულაშვილი და დაბრუნდაშვილი და წაიყვანა სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში. მათ დახვდნენ დათა ახალაია, გერონტი ალანია და ძიებით დაუდგენილი ათამდე შეიარაღებული პირი. დათა ახალაიამ შურისძიების მიზეზით, მის წინაშე იძულებით მუხლებზე დაჩოქილ ვანო ხაბულაშვილს სახეში ფეხი დაარტყა და თანხლებ პირებთან ერთად მათი უმოწყალოდ ცემა დაიწყო. მას შემდეგ, რაც გული იჯერეს ხაბულაშვილის ცემით და დამცირებით, დათა ახალაიამ საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა ცეცხლსასროლი იარაღი, მიმართა დაჩოქილი ხაბულაშვილის და დაბრუნდაშვილის მიმართულებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჰკითხა თუ რომელი მოეკლა პირველი. ამის შემდეგ, მათი მიმართულებით გაისროლა ჰაერში და კატეგორიულად გააფრთხილა ისინი, რომ თუ მომხდარის შესახებ ვინმეს ეტყოდნენ, მათ და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდებოდა ფიზიკური ანგარიშსწორება", - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ ხსენებული ფაქტი გამოვლინდა სანდრო გირგვლიანის საქმის განახლებული გამოძიების ფარგლებში. უწყების ცნობით, ორივე შემთხვევაში, დანაშაულის ადგილი იდენტურია - სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყე. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 143-ე და 144-ე (პრიმა 1 და პრიმა 3) მუხლებით მიმდინარეობს. სასჯელი თავისუფლების ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, დათა ახალაია კუდ-ის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაშია ბრალდებული. დათა ახალაიას გამოძიება პოლიციელების ცემასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ახალაია ასევე ბრალდებულია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე.

კომენტარები