საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

რატიანი GPB-ის მეურვეების შერჩევაზე: იმედია, უმრავლესობა იქნება კონსტრუქციული

facebook.com/sergo.ratiani

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ დაასრულა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის დარეჯან ჯავახიშვილის წარდგენისათვის აუცილებელი ხელმოწერების შეგროვება. მისი ინფორმაციით, ხელმომწერებში არიან პარლამენტის წევრები ანზორ ბოლქვაძე და იაშა შერვაშიძე, რომლებიც არ წარმოადგენენ საპარლამენტო უმცირესობას.

რატიანის თქმით, დღეს პარლამენტში იგეგმება საპარლამენტო უმცირესობის მაქსიმალური მობილიზაცია. სხდომას დააკლდებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ფიზიკურად არ იმყოფება საქართველოში ან გარკვეული პირადი, ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდება პარლამენტში.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ უმრავლესობა გამოაცხადებს თავისუფალ კენჭისყრას და უმრავლესობის ის წევრები, რომლებმაც პირველ ეტაპზე უკვე მისცეს ხმა კონკრეტულ კანდიდატს, გაიმეორებენ თავის არჩევანს, დღეს პარლამენტი სამეურვეო საბჭოში აირჩევს კიდევ ოთხ წევრს. ესენია: ლელა გაფრინდაშვილი, გენადი გელაძე, ნინია კაკაბაძე და დარეჯან ჯავახიშვილი“, - აცხადებს სერგო რატიანი და იმედოვნებს, რომ უმრავლესობა იქნება უფრო მეტად კონსტრუქციული, ვიდრე პირველ ეტაპზე და არ განახორციელებს ზეწოლას უმრავლესობის იმ წევრებზე, რომლებმაც უკვე დააფიქსირეს თავიანთი არჩევანი.

ცნობისთვის, 27 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მხოლოდ სამი კანდიდატი დაამტკიცა. ცხრიდან ექვსი ადგილი ვაკანტური დარჩა. უმრავლესობამ მხოლოდ ერთი, ხოლო უმცირესობამ ორი კანდიდატი წარადგინა. მათ სამ-სამი კანდიდატის დასახელება შეეძლოთ.

კომენტარები