ფოთის მერი

ფოთის საკრებულომ ქალაქის მერის განცხადება გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა

accent.com.ge

ფოთის საკრებულომ ქალაქის მერის დავით სარსანიას განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დააკმაყოფილა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. მათი განცხადებით, მერმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაპირისპირების და მისი ზეწოლის გამო მიიღო. ისინი მიიჩნევენ, რომ სარსანია ვალდებულია თანამდებობაზე დარჩეს და დაპირებული პროექტები განახორციელოს.

სწორედ ამ არგუმენტით, 20 იანვარს, მერის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის განხილვისას, მათ ბოიკოტის მიზნით სხდომა დატოვეს. კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა არ შედგა. 

ფოთის უკვე ყოფილი მერის დავით სარსანიას განცხადებით, "მასსა და ეკა ბესელიას შორის არსებული დაპირისპირება ახალი არ არის და ამას საზოგადოებაც ხედავდა". როგორც სარსანიამ ინტერნეტგამოცემა აქცენტთან საუბარში თქვა, ის მუშაობას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელებს.

"ჩემსა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება ცნობილი ფაქტი იყო. აქ იყო დაპირისპირებაა სამართლიანობასა და უსამართლობას შორის. რაც შეეხება ჩემს წასვლას, ამას ნამდვილად ვერ დავარქმევ თანამდებობრივ ზეწოლას, მე ეს ნაბიჯი გადავდგი იმიტომ, რომ ამ გაუგებრობისთვის თავი აგვერიდებინა", - განაცხადა სარსანიამ.

ფოთის საკრებულომ მერად დავით სარსანია 2013 წლის 11 იანვარს აირჩია.

კომენტარები