ბიზნესის რეგულირება

ეკონომიკის სამინისტრო ადგილობრივი წარმოების წახალისებას აპირებს

ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი
ეკონომიკის სამინისტროს ვებ-საიტი

ბიზნესს სიურპრიზებს არ ვუმზადებთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესთან დაკავშირებული რეგულაციები მხოლოდ სპეციალური კომისიის განხილვის შემდეგ იქნება მიღებული. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ადგილობრივი წარმოების წამოწევა და ამ მიმართულებით მზადდება პროგრამა, რომლის სამოქმედო გეგმა იანვრის ბოლოს მთავრობას დოკუმენტის სახით ექნება. კვირიკაშვილის განმარტებით, ამ გზით მთავრობა აპირებს, მომზადებული შეხვდეს ევროკავშირთან სავაჭრო ზონის შეთანხმებას.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა ინდუსტრიაში მოხმარების, იმპორტის, კონკურენტუნარიანობის კრიტერიუმების ანალიზი. მისი თქმით, მთავრობას დაგეგმილი აქვს შეხვედრები სხვადასხვა დარგის ასოციაციების წარმომადგენლებთან და ხელისუფლება ბიზნესთან ერთად გადაწყვეტს, თუ რა უნდა გააკეთონ, რომელი მიმართულებით უნდა წაახალისონ ადგილობრივი წარმოება იმისთვის, რომ ის კონკურენტუნარიანი გახდეს. ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, მნიშვნელოვანია, ამას ჰქონდეს ზომიერი ხასიათი და არ მიიღოს მახინჯი პროტექციონიზმის ფორმა. ამის თავიდან ასაცილებლად, როგორც კვირიკაშვილი ამბობს, მთავრობა ნებისმიერ ახალ რეგულაციას, მის დანერგვამდე, ბიზნესზე ზეგავლენის კუთხით შეაფასებს.

მინისტრის თქმით, ბიზნესისთვის უმაღლესი დონის პოლიტიკური გარანტიაა პრემიერმინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ბიზნესთან შეთანხმების გარეშე მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება არ მოხდება. მისივე თქმით, პირველი კვარტლის ბოლოს მზად იქნება რეგულირების შეფასების მექანიზმი - სპეციალური საექსპერტო კომისია, რომელშიც წარმოდგენილი იქნება როგორც მთავრობა, ისე ექსპერტები და ბიზნესმენები.  

კომენტარები