ჯოზეფ ქეის და გიორგი ვაშაძის სასამართლო დავა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაშაძეს ქეისთვის 50000 ლარის გადახდა აღარ მოუწევს

გიორგი ვაშაძის Facebook-ს გვერდი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძისთვის ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის სასარგებლოდ 50 000 ლარის დაკისრების გადაწყვეტილება გააუქმა. ვაშაძის ადვოკატის ქეთევან ზანდუკელის თქმით, სასამართლომ დაცვის მხარის არგუმენტაცია მიიღო.

"ჯოზეფ ქეის სარჩელზე მოსამზადებელი სხდომა 13 დეკემბერს გაიმართა, რომელზეც მე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ გამოვცხადდი. ამის საფუძველზე, სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და გიორგი ვაშაძეს მორალური ზიანის ანაზღაურება და გავრცელებული ცნობების უარყოფა დააკისრა. ამის შემდეგ ჩვენ გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, ვინაიდან სახეზე იყო საპატიო მიზეზი – ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლომ ეს საპატიო მიზეზი გაითვალისწინა, მის მიერვე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გააუქმა და შესაბამისად, მოგვეცემა საშუალება, გამოვიყენოთ ჩვენი საპროცესო უფლებები, ვიდავოთ აღნიშნულ საკითხზე და დავადასტუროთ, რომ გიორგი ვაშაძის განცხადებაში არ არის ცილისმწამებლური ცნობები და ეს მისი პირადი მოსაზრებაა", - განაცხადა ქეთევან ზანდუკელმა სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში.

აღნიშნულ საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი თებერვალში გაიმართება.

ცნობისთვის, 2013 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საპარლამენტო უმცირესობის წევრს ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო 50 000 ლარი, ასევე გავრცელებული ცნობების საჯაროდ უარყოფა დააკისრა. 

გიორგი ვაშაძემ 2013 წლის 24 თებერვალს განაცხადა, რომ ჯოზეფ ქეი საერთაშორისო თაღლითია.

"თუ თაღლითების ჩვენებით უნდათ პასუხისგებაში მისცენ ხალხი, კი ბატონო. ყველამ კარგად იცის, ვინ არის ჯოზეფ ქეი, ეს არის საერთაშორისო ცნობილი თაღლითი", - თქვა ვაშაძემ გიგი უგულავას საქმეზე ჯოზეფ ქეის ჩვენების კომენტირებისას.

კომენტარები