შეხვედრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებთან

ნანუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შეხვდა

news.ge

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს, ბორის სილევიჩსა და მაიკლ იანსენს შეხვდა. 

ნანუაშვილის თქმით, მათ პენიტენციარულ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემებზე, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიაზე, ასევე საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ისაუბრეს. 
"ძალიან ბევრ თემას შევეხეთ. ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგადად პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ საკითხებზე, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიაზე და იმ განცხადებებზე, რომელიც საქართველოს პროკურატურაში არის საკუთრებასთან დაკავშირებით, ასევე მთავრობის პოზიციაზე, რომ არ უნდა მოხდეს გარკვეული საქმეების გადახედვა და კომპენსაციის გაცემა გარკვეულ საქმეებზე. იყო საკმაოდ ფართო და ბევრი საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს საქართველოს პრემიერმინისტრიც შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მათ შეხვედრაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, საკონსტიტუციო რეფორმა, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, ევროსაბჭოს ყოფილი კომისრის, თომას ჰამარბერგის ანგარიში და უმცირესობათა საკითხები განიხილეს. 

ევროსაბჭოს დელეგატები დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის მინისტრებს, ასევე მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

 

კომენტარები