კრის კრისტი

კრის კრისტი: ნიუ ჯერსისა და ფორტ ლის მცხოვრებლებს ბოდიშს ვუხდი

ნიუ ჯერსის შტატის გუბერნატორმა კრის კრისტიმ ხიდის დახურვის სკანდალთან დაკავშირებით, თავისი ერთ-ერთი თანაშემწე სამსახურიდან დაითხოვა. პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ კრისტის თანაშემწემ, გუბერნატორის პოლიტიკური ოპონენტის, ქალაქ ფორტ ლის მერისთვის პრობლემების შექმნის მიზნით, ქალაქის ნიუ იორკთან დამაკავშირებელ ხიდზე საცობები ხელოვნურად გამოიწვია.

მედიაში გავრცელებული მასალის მიხედვით, გუბერნატორის თანაშემწემ ხიდის ადმინისტრაციის თანამშრომლის დახმარებით ხიდის რამდენიმე სავალი ნაწილი დახურა, რამაც ქალაქ ფორტ ლიში მასშტაბური საცობები გამოიწვია. მედიის მიხედვით, მომხდარის მიზეზი ქალაქის მერის მარკ სოკოლიჩის მიერ 2013 წლის ნოემბერში გუბერნატორის არჩევნებზე კრისტის მხარდაჭერაზე უარის თქმა გახდა. კრის კრისტი, რომელიც რესპუბლიკელთა ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად მოიაზრება, მომხდარს შოკისმომგვრელს და შეურაცხმყოფელს უწოდებს.

"მე მოვედი აქ, რათა ბოდიში მოვუხადო ნიუ ჯერსისა და ფორტ ლის მცხოვრებლებს, ასევე შტატის საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, შერცხვენილი და შეურაცხყოფილი ვარ ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრის საქციელით. ეჭვგარეშეა, რომ მათი საქციელი ყოვლად მიუღებელია. საბოლოო ჯამში, მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერ იმაზე, რაც ხდება ჩემი კონტროლის დროს, მათ შორის - კარგზეც და ცუდზეც. და როცა ვინმე შეცდომებს უშვებს, ვალდებული ვარ ვიმოქმედო ამ შეცდომების გამოსასწორებლად", - განაცხადა კრის კრისტიმ.

კომენტარები