პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

გამოხმაურებები საშობაო ეპისტოლეზე

საზოგადოების ნაწილი ეპისტოლეს იმ ნაწილს უპირისპირდება, სადაც პატრიარქი ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგატ დედებზე საუბრობს. წლევანდელ ეპისტოლეში ილია მეორემ ოჯახური ფასეულობების შენარჩუნებაზე ისაუბარა და დაგმო აბორტი და ხელოვნური განაყოფიერება. ეპისტოლე არქიდეაკონმა დემეტრემ წაიკითხა.

საშობაო ეპისტოლეს ამ ნაწილს კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა საპარლამენტო ოპოზიციაში. "ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ოცნებობს, ჰყავდეს შვილი და ხშირ შემთხვევაში, ამის ერთადერთი, უკანასკნელი შანსი ხელოვნური განაყოფიერება ან სუროგატი დედის მომსახურების გამოყენებაა", - დაწერა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე. მისი აზრით, "ქალების უმეტესობა, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების ან სუროგატი დედის დახმარებით ხდება დედა, ამას ღვთის წყალობად მიიჩნევს. ამიტომ, ჩემი აზრით, ეკლესია ასეთ მშობლებსა და მათ შვილებს მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეს და არ უნდა რიყავდეს. ის, რომ თანამედროვე სამყაროში სამეცნიერო პროგრესმა შესაძლებელი გახადა უშვილობის პრობლემის მოგვარება, იგივე სწავლებით, ასევე ღვთის ნებაა. ამიტომ, ჩემი, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის თხოვნა იქნება - დაუბრუნეთ იმ ოჯახებს, რომლებშიც იზრდებიან ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ან სუროგატი დედის დახმარებით გაჩენილი შვილები, რწმენა, რომ ეს ბავშვები ღვთის საჩუქარი არიან და არა ღვთის რისხვა, კარგი იქნება თუ მისცემთ მათ მონათვლის საშუალებას მშობლების სურვილის შემთხვევაში და არ გარიყავთ ეკლესიიდან."

სოციალური ქსელის მეშვეობით პატრიარქს დღეს თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავაც გამოეხმაურა. "მაცხოვრისათვის მნიშვნელობა არ აქვს დროს, სივრცეს და ამქვეყნიურ შეზღუდვებს. ის რომ ადამიანს დღეს აქვს საშუალება იყოლიოს შვილი, ეს სწორედ ბეთლემში დაბადებული ღვთის წყალობაა. მაპატიეთ, მაგრამ ვერანაირი ეპისტოლე ადამიანს, ოჯახს, ვერ წაართმევს მაცხოვრის ამ წყალობას", - აღნიშნა უგულავამ.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა დღეს პრემიერის თანაშემწე თამარ ჩუგოშვილიც. "განსაკუთრებით ვულოცავ ხელოვნური განაყოფიერების და სუროგაციის გზით დაბადებულ სრულიად არაჩვეულებრივ პატარებს, მათ ოჯახებს, სუროგატ დედებს, უმცირესობათა ჯგუფის წარმომადგენლებს; ქალებს, რომლებიც, თურმე, ვიღაცას უნდა ვემორჩილოთ; გოგონებს, რომლებიც, თურმე, ფსევდოკულტურითა და ცრუ თავისუფლებით არიან გატაცებული და ყველა სხვას, ვისაც დღეს გული ეტკინა. დარწმუნებული ვარ, ღმერთს განსაკუთრებულად ვუყვარვართ", - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

გუშინ ღამით მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც თითქმის მთელი შემადგენლობით იმყოფებოდნენ საშობაო წირვაზე, პატრიარქის ეპისტოლესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს და ის მოიწონეს. არც ერთ მათგანს ჟურნალისტებთან საუბარში ეპისტოლესთან დაკავშირებით უკმაყოფილება არ გამოუთქვამს.

პატრიარქის ეპისტოლეს ბავშვთა უფლებების დარღვევად აფასებენ უფლებადამცველები. მაია ცირამოვის თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებებმა შესაძლოა ხელოვნური განაყოფიერებით ან სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვების მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვიოს. უფლებადამცველი ანა აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ პატრიარქის ეპისტოლე გარკვეულწილად ბავშვთა უფლებებს ლახავს, ამიტომ ის სახელმწიფოსგან გარკვეულ რეაგირებას ითხოვს.

კომენტარები