ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელი

ჯანეტ იელენი აშშ-ის ფედერალური რეზერვის პირველი ქალი ხელმძღვანელი გახდა

businessinsider.com

აშშ-ის სენატმა ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელად ჯანეტ იელენი დაამტკიცა.

67 წლის იელენი პირველი ქალია, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა.

ბერკლის პროფესორი ჯანეტ იელენი დამტკიცებამდე ფედერალური რეზერვის სისტემის ვიცეპრეზიდენტი იყო, პირველი თებერვლიდან ის პოსტზე ბენ ბერნანკეს შეცვლის.

მოსალოდნელია, რომ ეკონომიკის პროფესორი იელენი თავისი წინამორბედის პოლიტიკას გააგრძელებს და შეეცდება მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების დაბალი დონე შეინარჩუნოს. ჯანეტ იელენმა მხარი დაუჭირა ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას, რითაც ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდების ყოველთვიური შესყიდვა 85 მილიარდი აშშ დოლარიდან 75 მილიარდამდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვი ფასიან ქაღალდების შესყიდვას ბიზნესმწარმოებლებისთვის სესხის აღების გაიოლების მიზნით ახორციელებს. თუმცა ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მასტიმულირებელი პროგრამა უნდა დასრულდეს, რათა ინფლაცია თავიდან იქნას აცილებული.

ჯანეტ იელენი 1997-1999 წლებში პრეზიდენტ ბილ კლინტონის ეკონომიკის საკითხებში მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობდა. 2004-2010 წლებში კი სან-ფრანცისკოს ფედერალური ბანკის სათავეში იდგა.

კომენტარები