სიცოფე ქართულად ანუ ქრისტიანობა ქართულად!
არა რა, რაღაცა მართლა არსებობს, ბუნების ძალა თუ კეთილი ბაბუა თუ რაღაცა ენერგიები! თანაც ყველა ამ ძალამ ჩემზე პოზიტიურად უნდა იმოქმედოს, აბა ისე რა შავ ქვად მინდა ისე მათი რწმენა. თანაც რასაც ვთხოვ ამ ძალებს, უნდა ასრულდეს, რასაც ჩაუთქვამ თუ შეუთქვამ თუ სურვილს ჩავიფიქრებ, ექსკლუზიურად და მსწრაფლ რეალიზირებული უნდა აღმოჩნდეს! შესაბამისად, რელიგიური რწმენა მხოლოდ ორი ფაქტორით უნდა შემოისაზღვრებოდეს - 1) რაღაცისადმი რწმენა და 2) ამ რწმენამ უნდა უზრუნველყოს ჩემი მერკანტილური თუ უტილიტარული მოთხოვნები, დაწყებული "ბარაქის" ანუ მატერიალისტური მოთხოვნების დაკმაყოფილებებით, მომავლის გაგების ისტერიული სურვილით დამთავრებული! სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი საზოგადოების რელიგიური აზროვნება ამგვარი ცნობიერებით განისაზღვრება. ეს სამწუხარო ტენდენცია უფრო სამწუხარო ხდება, როცა ამგვარი აზროვნება, რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, ეკლესიურ ცხოვრებაში შემოდის, თან ისე შემოდის, რომ მავანთათვის სწორედ ამგვარი სიცოფე არის ქრისტიანობის საზრისი! მაგრამ ეს ქრისტიანობა კი არა, არამედ წარმართობის ყველაზე მდარე და პრიმიტიული ვერსიაა! მაგრამ გახსოვდეთ ეს დაღუპვის გზაა! გახსოვდეთ! თუ მამაოს ან დედაოს დაესიზმრება რამე, რასაც სახალხოდ გააცხადებს - არ დაუჯეროთ მას! გახსოვდეთ! წმინდანის საფლავთან 2 სურვილი არ აგიხდებათ! გახსოვდეთ! წმინდანის მეოხება შესაძლებელია მის საფლავთან მიახლების გარეშე! გახსოვდეთ! წმინდანის საფლავთან სურვილებით მიახლებას ვინც კი გეუბნებათ, ის ქრისტიანობის გაგებაში არ არის! გახსოვდეთ! ვინც კი წმინდანის საფლავთან ამგვარი მოტივაციით მივა, ის არათუ სურვილების აღსრულებას მიიღებს, არამედ კიდევ უფრო მეტად დაშორდება იესო ქრისტეს!