კალაძის საახალწლო მილოცვა

კალაძე: ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება განპირობებულია კანონის სრული დაცვით

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

საქართველოს მთავრობის თითოეულ წევრს, ხელისუფლებაში მყოფ ყველა პიროვნებას, ჩემს მეგობრებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ნდობის მანდატის ფასი, რაც ჩვენ ხალხმა მოგვანიჭა - განაცხადა კახი კალაძემ სპეციალურ საახალწლო მიმართვაში.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა წლის შემაჯამებელი მიმართვა გაავრცელა.

"მინდა, ერთგვარი შემაჯამებელი კომენტარი გავაკეთო ჩემი გუნდის, კოლეგების, ხელისუფლების სახელით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ბოლო პერიოდის მოვლენებზე.
უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი საზოგადოებას თმენისათვის, ნდობისთვის და რაც მთავარია თანამშრომლობისთვის.
აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება განპირობებულია კანონის სრული დაცვით.ნებისმიერი ჩვენი ქმედება მოტივირებულია საზოგადოების ინტერესით და მოთხოვნილებებით. საქართველოს მთავრობის თითოეულ წევრს, ხელისუფლებაში მყოფ ყველა პიროვნებას, ჩემს მეგობრებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ნდობის მანდატის ფასი, რაც ჩვენ ხალხმა მოგვანიჭა.

2013 წლის ყველაზე დიდი მონაპოვარი, ჩემის ღრმა რწმენით და დარწმუნებული ვარ ბევრი დამეთანხმება, არის სამოქალაქო სექტორის გამოღვიძება, საზოგადოებაში ჩასახული რწმენა რომ მონაწილეობს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და ხელისუფლება უსმენს მას.ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს განწყობა, ეს სილაღე, თავისუფლების განცდის აღმავალი ვექტორი შევინარჩუნოთ ქვეყანაში, ვინაიდან ძლიერი, ობიექტური, მთავრობის მიმართ პოზიტიურად განწყობილი მოქალაქე არის ჩვენი საყრდენი, რომ განვითარდეთ იმ მიმართულებით და ისე, როგორც ვოცნებობდით ათეული წლები და რისი რეალიზების საშუალება მოვიპოვეთ რეჟიმთან ბრძოლაში.ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ერთი გუნდი - ხელისუფლება და ხალხი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ერთი საერთო მიზანი: ახალი, ძლიერი, თანამედროვე სახელმწიფოს შენება!

გილოცავთ ყველას ახალი წელს, შობის დღესასწაულს და გისურვებთ წარმატებას, სიხარულს!” - განაცხადა კალაძემ.  

კომენტარები