საცალო ქსელში საწვავის ფასი, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, საშუალოდ, 2-5 თეთრით მაღალია. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა განცხადება გაავრცელა. განცხადება 2013 წელს ნავთობპროდუქტების სექტორში არსებულ ვითარებას აანალიზებს. როგორც იმპორტიორები აცხადებენ, წლის განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში საწვავზე ფასების შემცირება 7-ჯერ დაფიქსირდა, ხოლო გაზრდა - 8-ჯერ.
24 დეკემბერს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ბენზინის ფასი იმიტომ გაძვირდა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა. თუმცა, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე Platt's-ის მიხედვით, რომლითაც საქართველოში საწვავის იმპორტი ხორციელდება, ბენზინისა და დიზელის საწვავის საერთაშორისო ფასები შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით არ შეცვლილა.
"საწვავის ფასის მატების ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ დღეისთვის მკვეთრად არის დაცემული ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში", - აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.





