მერაბიშვილის ინტერვიუ

მერაბიშვილი: ფარცხალაძე ღარიბაშვილის და ივანიშვილის პირად დავალებას ასრულებდა

https://www.facebook.com/Merabishvili.vano?fref=ts

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ოთარ ფარცხალაძესთან თავისი შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მერაბიშვილის თქმით, ხელისუფლებამ ამ გზით მისი დაშინება სცადა.

"ციხიდან დაახლოებით 01:30-სთ-ზე გამიყვანეს. ეს ადვილად დადასტურდება ჩემს საკანში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ფირით. საკნიდან ციხის კორპუსის გასასვლელამდე მინიმუმ 5 სათვალთვალო კამერაა, გასასვლელში კიდევ - 2. კორპუსის კართან ავტომობილში ჩამსვეს. გავიარეთ ციხის კორპუსის ეზოს კარიბჭე, შემდეგ ციხის ეზო (აქაც არაერთი სათვალთვალო კამერაა), შემდეგ კი ციხის ორმაგი კარიბჭე. აქაც მინიმუმ 6 კამერაა. თავზე ტანსაცმელი გადამაფარეს და, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, დეპარტამენტის თავმჯდომარის კაბინეტში მიმიყვანეს. დარწმუნებული ვარ, ჩემი 5-10-წუთიანი მგზავრობა აღბეჭდილი იქნება ქუჩების ვიდეოკონტროლის სერვერებზე. 20-30 წუთის შემდეგ იგივე გზა უკან გამოვიარე. ხელისუფლებამ ჩემი დაშინება სცადა. ოფიციალური შეხვედრისას, ადვოკატის თანდასწრებით მუქარა არაეფექტური იქნებოდა", - თქვა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის თქმით, მან შეხვედრისას პროკურორს ურჩია, არ გაემეორებინა შეცდომა და საზოგადოებაში ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნის მოლოდინი არ გაეზარდა.

"შეხვედრისას გულახდილად ვურჩიე პროკურორს, არ გაემეორებინა წინამორბედის შეცდომა და არ გაეზარდა საზოგადოებაში ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნის მოლოდინი. მეტიც, ვურჩიე, რაც მალე აღიარებენ არსებული გამოძიების შედეგებს, მით უკეთესი იქნება ახალი მთავრობისთვის. ჩემმა წინადადებამ გულახდილად გააკვირვა პროკურორი, მე კი მისმა რეაქციამ... ამიტომაც განმიმტკიცდა აზრი, რომ მას მხოლოდ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს და არა საქმის გახსნის სურვილი", - თქვა ყოფილმა პრემიერმინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - რა კავშირს ხედავთ თქვენს საპატიმროდან ფარულად გაყვანასა და ხარშილაძის დაკავებას შორის? - მერაბიშვილმა უპასუხა, რომ " თუ დამიყოლიებდნენ, ჟვანიას საქმეზე გაკეთდებოდა განცხადება, თუნდაც ბუნდოვანი. მას ხარშილაძის მეშვეობით "გაამყარებდნენ" და ისეთ საზოგადოებრივ აზრს შექმნიდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის განადგურებას, მისი წევრების დაპატიმრებას წინ ვეღარაფერი აღუდგებოდა. თუმცა ის, რომ ხელისუფლება ფარცხალაძეს თავგადაკლული იცავს, მიმტკიცებს აზრს, რომ იგი ღარიბაშვილისა და ივანიშვილის პირად დავალებას ასრულებდა. გარდაუვალია, ხელისუფლებას მოუწევს მისი გადაყენება. პირადად მე ეს არ დამაკმაყოფილებს და მივაღწევ, რომ მან პასუხი აგოს დანაშაულისთვის".

მერაბიშვილის თქმით, 26 მაისის საქმეზე დღევანდელი პროკურატურა ემოციით ხელმძღვანელობს.

"26 მაისის საქმეშიც დღევანდელი პროკურატურა ემოციით ხელმძღვანელობს. ისე გაიტაცა პროკურორი ემოციებმა, რომ "დაავიწყდა" სასამართლოში თუნდაც ერთი არაქართველი ექსპერტი ჩაეწერა მოწმეთა სიაში. იმან, რომ ჩემმა დაცვამ ამერიკული დენსუსის დასკვნის გარდა ევროპელი ექსპერტები ჩართო პროცესში, მოსამართლე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. სასამართლოს პირველ სხდომაზე ჩემმა დაცვამ წარმოადგინა აშშ-ის, ინგლისის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიისა და სხვა ევროპული ქვეყნების მიტინგების დაშლის კადრები და ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივი შედეგით დასრულდა ეს მოვლენები. ეს ისე ძნელად საყურებელი იყო, რომ დამსწრეთა უმრავლესობამ და თვით მოსამართლემ თვალი აარიდა". - თქვა მერაბიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ასევე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ივანიშვილმა ისტორიაში დადებითი კვალის დატოვების შანსი გაუშვა.

"ივანიშვილმა უკვე გაუშვა ისტორიაში მნიშვნელოვანი და დადებითი კვალის დატოვების შანსი. 10-15 წლის შემდეგ რა მოგონებები დარჩება მასზე? მისი მეშვეობით ციხიდან გამოსული პატიმრების უდიდესი ნაწილი აუცილებლად შებრუნდება ციხეში და დღევანდელი პატარა სიხარული მათაც კი დაავიწყდებათ. ხალხი კი ყოველთვის იტყვის, რომ ივანიშვილმა იძუნწა და თავისი მილიარდები არ მოახმარა. ამას, ალბათ, უკვე ხვდება ივანიშვილი და ამიტომაც ცდილობს, განერიდოს რეალობას", - თქვა ვანო მერაბიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები