ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, ლარის კურსი საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ასახავს. ამის შესახებ მან 2013 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისივე ცნობით, წლის პირველ ნახევარში განხორციელდა ზეწოლა ლარის კურსის გამყარებაზე. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 550 მილიონი დოლარი, ხოლო წლის მეორე ნახევარში წნეხი იყო გაუფასურებაზე, რა დროსაც ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 220 მილიონი დოლარი.
"საბოლოო ჯამში, ჩვენ შევინარჩუნეთ სავალუტო რეზერვების ადეკვატური დონე, რაც არის სამი მილიარდი. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც 2013 წელს ჩვენ გადავიხადეთ სავალუტო ფონდის სესხი 240 მილიონი დოლარის ოდენობით. მომავალი წლის მესამე კვარტალში დავასრულებთ სავალუტო ფონდის სესხის გადახდას და 1994 წლიდან პირველად, ეროვნულ ბანკს არ ექნება საგარეო ვალი", - თქვა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ლარი დოლართან მიმართებით 4.5%-ით გაუფასურდა, თუმცა, ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება.
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ინფლაციური წნეხის ასახვა ეკონომიკის ზრდასა და ფასების სტაბილურობაზე. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენ შევწყვეტთ შერბილებულ მონეტარულ პოლიტიკას და გავამკაცრებთ. საქართველო მომავალშიც შეინარჩუნებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს, რაც გულისხმობს იმას, რომ ლარი ხან გამყარდება, ხან გაუფასურდება, თუმცა მოძრაობის ამპლიტუდა არ იქნება ისეთი, რომ ქვეყნის ეკონომიკა დააზიანოს", - აღნიშნა ქადაგიძემ.
გიორგი ქადაგიძის შეფასებით, კურსის ფორმირებაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს, რომელთაგან ძირითადი შერბილებული მონეტარული პოლიტიკა, საბიუჯეტო ხარჯების გააქტიურება და იმპორტის ზრდაა. მისივე თქმით, კურსის მერყეობა საფრთხის შემცველი არ არის.
გიორგი ქადაგიძის თქმით, კლასიკური ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ლარის კურსის გამყარების ტენდენცია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იქნება მხოლოდ მაშინ, თუ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე მისი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკა.
"ჩვენი ამოცანა არ არის კურსის კონტროლი. ჩვენი ამოცანაა ფასების კონტროლი და ინფლაციის შენარჩუნება. კურსის მერყეობა ჩვეულებრივი მოვლენაა და საკმარისი რეზერვების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკას და ეროვნულ ვალუტას საფრთხე არ ემუქრება", - თქვა ქადაგიძემ.





