მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის, ვოლოკალამსკის მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.
"პატრიარქმა ილიამ არაერთგზის დაპატიჟა პატრიარქი კირილი საქართველოში და ეს ვიზიტი უთუოდ გაიმართება, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის", - განაცხადა მიტროპოლიტმა Интерфакс-Религия-სთან ინტერვიუში.
მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქი კირილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იმდენჯერ შეხვდა, რამდენჯერაც არ შეხვედრია არცერთ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს - ხანდახან რამდენჯერმეც წელიწადში. მისი თქმით, ეს ორი ეკლესიის ურთიერთობაზე მეტყველებს. მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, განურჩევლად იმისა, "რა პოლიტიკური სიტუაცია იყო საქართველოში", საეკლესიო ურთიერთობები დადებითად ვითარდებოდა.
ილია მეორე პატრიარქ კირილს ბოლოს ამა წლის ივლისში შეხვდა, ის კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის იუბილეზე დელეგაციასთან ერთად მოსკოვში იმყოფებოდა.
აგვისტოს ომის შემდეგ ჯერ კიდევ მიტროპოლიტმა კირილმა განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები - "სიხლს ღვრიდნენ ოსი ხალხისთვის, იმისთვის რომ დაეცვათ სამხრეთ ოსეთი... გაღებულ იქნა უდიდესი მსხვერპლი ოსების დასაცავად".
აღსანიშნავია, რომ პატრიარქი კირილი ოკუპირებული რეგიონების ლიდერებს პრეზიდენტებად მოიხსენიებს და მათთვის ოფიციალურ მიღებებს მართავს საკუთარ რეზიდენციაში.