პრეზიდენტის ინტერვიუ

მარგველაშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვერ შევძელით, ბიზნესის განვითარებაა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა გასულ წელს ბიზნესის განვითარება ვერ შეძლო. ასე უპასუხა პრეზიდენტმა გაზეთ კვირის პალიტრის კითხვას - რისი გაკეთება ვერ მოახერხა ხელისუფლებამ 2013 წელს.

”ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ვერ გეტყვით, რამდენად შესაძლებელია ამ მიზნის მიღწევა ერთ წელიწადში. დარწმუნებით კი იმის თქმა შემიძლია, რომ საქართველოს ბიზნესპოტენციალი ბოლომდე არ არის ათვისებული და გამოყენებული. ძალიან ბევრია კიდევ გასაკეთებელი იმისთვის, რომ მოქალაქეების კეთილდღეობა საბიუჯეტო ხარჯებზე კი არ იყოს დამოკიდებული, არამედ მათ უნარსა და ცოდნაზე. ჩვენ ასევე ვერ შევძელით გარკვეულწილად პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა. ამას ხშირად არასწორად უწოდებდნენ პიარს. ალბათ, ბევრჯერ გაგიგიათ დაახლოებით ასეთი ფრაზა: მიშას რომ ეს თემა ჰქონოდა, სხვაგვარად გააპიარებდაო. ეს არ არის მხოლოდ პიარის საქმე და ვფიქრობ, პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა ჩვენ უკეთ შეგვეძლო. მთელი ჩემი საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნაწილი ის იყო, რომ ვხვდებოდი უამრავ ადამიანს და ვუყვებოდი მათ, რა გააკეთა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში და ეს უაღრესად პოზიტიურად მოქმედებდა აუდიტორიაზე, რაც გამოიხატა იმ მხარდაჭერაში, ამომრჩეველთა პროცენტულ რაოდენობაში, რამაც ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გამარჯვება მოგვიტანა არჩევნებში. შესაბამისად, ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ აქტორებს ნაკლები დრო უნდა დაეთმოთ ოპოზიციის მიერ შემოგდებული, მეორეხარისხოვანი თემების განხილვისთვის. შენი ქვეყნის მოსახლეობა არა პიარისათვის, არამედ პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად უნდა იყოს ინფორმირებული იმ საქმეების შესახებ, რასაც მისი ხელისუფლება აკეთებს”, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გაზეთ კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

კომენტარები