მიხაილ ხოდორკოვსკი

ხოდორკოვსკი: პუტინს შეწყალება ოჯახური გარემოებებიდან გამომდინარე ვთხოვე

მიხაილ ხოდორკოვსკი
lepasseurcritique.com

რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ გათავისუფლების შემდეგ პირველი განცხადება 20 დეკემბერს საღამოს გამოაქვეყნა.
როგორც კომპანია იუკოსის ყოფილი მფლობელი მის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში განმარტავს, 12 ნოემბერს მან რუსეთის პრეზიდენტს მიმართა თხოვნით შეწყალების შესახებ ოჯახური გარემოებებიდან გამომდინარე და მოხარულია, რომ ვლადიმირ პუტინმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ხოდორკოვსკის განცხადებით, შეწყალების პროცესში „ბრალის აღიარების საკითხი არ დასმულა".

იმას, რომ მსჯავრდებულმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, მანამდე მისი ადვოკატები უარყოფდნენ.

ხოდორკოვსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი პატიმრობის განმავლობაში მის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა. ყოფილი მსჯავრდებულის თქმთ, იგი მოუთმენლად ელის ოჯახის წევრებთან შეხვედრას და „მუდმივად ფიქრობს მათზე, ვინც ჯერ კიდევ ციხეშია".

ხოდორკოვსკიმ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყოფილ გერმანელ დიპლომატ ჰანს დიტრიხ გენშერს, რომელმაც მისი საკითხის მოგვარებაში დიდი როლი ითამაშა.
გათავისუფლებისთანავე მიხაილ ხოდორკოვსკი ბერლინში გაემგზავრა, სადაც მას ჰანს დიტრიხ გენშერი დახვდა.

იმის შესახებ, რომ ხოდორკოვსკის გათავისუფლების საქმეში გენშერი გერმანიის კანცლერისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მოქმედებდა, გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა. მისი თქმით, ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ამ საკითხს რუსეთის პრეზიდენტის წინაშე აყენებდა, ხოდორკოვსკის გათავისუფლების ფაქტით „ბედნიერია".

„პუტინის პირადი პატიმრის" შეწყალებით კმაყოფილება ვაშინგტონმაც გამოთქვა. თეთრი სახლის წარმომადგენლის კეთლინ ჰაიდენის განცხადებთ, ეს ჰუმანიტარული ჟესტი „რუსული საზოგადოებისთვის პოზიტიური მოვლენაა".

თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო ურთიერთობების საკითხებში კეტრინ ეშტონი ხოდორკოვსკის შეწყალებას მიესალმა და განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ საქმეს ათი წლის განმავლობაში ადევნებდა თვალს, რადგან ეს საქმე რუსეთის მართლმსაჯულებაში სისტემურ პრობლემებს ასახავს. ეშტონმა რუსეთს კანონონის უზენაესობის დაცვასა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისკენ მოუწოდა.

კომენტარები