ძვირადღირებული ავტომობილები

ღარიბაშვილი: ავტომობილებს ყველა სამინისტრო ერთიანი სტანდარტით შეიძენს

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დაწესებულებები ავტომანქანებს ერთიანი სტანდარტების შესაბამისად შეიძენენ. პრემიერის თქმით, აღნიშნული სტანდარტები ამ ეტაპზე შემუშავების პროცესშია. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ახალი სტანდარტების განსაზღვრის თაობაზე მუშაობა მთავრობის კანცელარიამ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრობისას, მისივე დავალებით დაიწყო.

"ეს სტანდარტები შემუშავების პროცესშია და განისაზღვრება კონკრეტულად თუ რომელი თანამდებობის პირს რა კლასის და რა ტიპის ავტომანქანა უნდა ჰქონდეს. ისე აღარ იქნება, როგორც გასულ წლებში ხდებოდა ქაოსურად უამრავი ძვირადღირებული ავტომობილის შეძენა. ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, მრავალი ძვირადღირებული, არაეკონომიური მანქანა გავასხვისე. დღესაც ავტომობილების შეძენა ხდება ქაოსურად, რადგან არ არის დაწესებული სტანდარტები. ყველა სამინისტრო ამ სტანდარტებით შეიძენს ავტომობილს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ძვირადღირებული ავტომობილები განხილვის თემად მას შემდეგ იქცა, რაც 6 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2013 წელს გამოშვებული (2014 წლის მოდელი) ყველგანმავალი, ჯიპის ტიპის ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 83 300 ლარი იყო. ტენდერი 12 დეკემბერს დასრულდა. 14 დეკემბერს კი, ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ავთანდილ ბერიძის საკითხს პარტია ქართული ოცნების უახლოეს სხდომაზე განიხილავდნენ. მისივე თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თავს უნდა იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებული ქონების შეძენისგან.

ენერგეტიკის მინისტრს იმავე დღეს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ავთანდილ ბერიძე და განაცხადა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ახალი ავტომობილის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას აღარ გააფორმებს.

აღსანიშნავია, რომ ძვირადღირებული მანქანების შესასყიდად რამდენიმე ტენდერი აქვს გამოცხადებული მარნეულის მუნიციპალიტეტს. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტი მზად არის, 5 ავტომობილში 270 000 ლარი გადაიხადოს.

 

კომენტარები