საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, რევაზ არველაძე, 2015 წელს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ამის შესახებ არველაძემ გაზეთ ყველა სიახლესთან ინტერვიუში განაცხადა.
"დიახ. ჩემი პრინციპია - არასდროს არაფერს ვაკეთებ იმის წინააღმდეგ, ვისთან ერთადაც ვმუშაობ! ამას კონფორმიზმად ნუ ჩამითვლით, ეს ადამიანური პოზიციაა და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი. არ მიყვარს ხალხი, ვინც შინაურსა და გარეულს ვერ არჩევს და სხვების წინ გადახტომით არის დაკავებული. ფეხბურთის ფედერაცია წარმატებით მუშაობს, მაგრამ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მეც მივიღებ", - განაცხადა რევაზ არველაძემ.
ინტერვიუში, გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ახლო მომავალში ფედერაციის პრეზიდენტსა და ნაკრების მთავარ მწვრთნელს შორის საუბარი შედგება და შესაძლოა კონტრაქტის პირობებიც გადაიხედოს.