სახელმწიფო შესყიდვები

წიკლაური: ავთანდილ ბერიძის შემთხვევა იზოლირებული ფაქტი არ არის

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, მთავრობა ცდილობს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისთვის ძვირადღირებული ავტომობილის შეძენაზე გამოცხადებული ტენდერის ფაქტი იზოლირებულ შემთხვევად გაასაღოს. როგორც წიკლაურმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მასობრივად იძენენ ძვირადღირებულ მანქანებს.

"ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ბიუჯეტში დარღვევამ ანუ დანაკლისმა მიაღწია რვაას მილიონ ლარს, ეკონომიკას დააკლდა მილიონ-ნახევარი ლარი, ხოლო მომავალ წელს მთავრობა აპირებს ქართველი ხალხი დაამძიმოს მილიარდ 600 მილიონი ახალი ვალით. მეტიც, მომავალ წელს, ჩინოვნიკებს, მათ შორის - მაღალი თანამდებობის პირებს, რომელთაც ხელფასი ისედაც რამდენიმე ათასი ლარი აქვთ, ანაზღაურება ეზრდებათ 137 მლნ ლარით", - აცხადებს წიკლაური და იქვე აღნიშნავს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით გამოცხადდა ტენდერი ძვირფას ავტომობილებზე 114, 48, 52, 56 000 ლარის ღირებულებით.

"ამასთან, სულ ორიოდე თვის წინ, გარდაბნის საკრებულომ 80 000 ლარის ღირებულების ტოიოტა ლენდ კრუიზერის ჯიპი შეიძინა. სამწუხაროდ, ეს სრული ჩამონათვალი არ არის. ეს ყველაფერი ხდება ეკონომიკის დაცემის, საბიუჯეტო კრიზისის და ხალხის გაღარიბების ფონზე. ამასთან, ქართული ოცნების მთავრობას ადგილზე დახვდა გამართული და თანამედროვე ავტოპარკი, რომელიც განახლების მწვავე აუცილებლობას არ განიცდის", - ამბობს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2013 წელს გამოშვებული (2014 წლის მოდელი) ყველგანმავალი, ჯიპის ტიპის ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 83 300 ლარი იყო. ვიცეპრემიერის კახა კალაძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის საკითხს ქართული ოცნების პოლიტსაბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს. ენერგეტიკის მინისტრის შეფასებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თავს უნდა იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებული ქონების შეძენისგან. კალაძის განცხადებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა ავთანდილ ბერიძე და განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას აღარ გააფორმებს.

"ახალი ავტომობილის შესყიდვის საკითხს საზოგადოების მხრიდან ჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა და მე გავითვალისწინე საზოგადოების აზრი", - აცხადებს ავთანდილ ბერიძე.

ამასთან, მარნეულის მუნიციპალიტეტმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში 5 ავტომობილის შესაძენად რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტი მზადაა, ახალ ავტომობილებში 270 000 ლარი გადაიხადოს.

კომენტარები