პატიმრის შეურაცხყოფა

სამინისტრო: მსჯავრდებულის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყება

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ მსჯავრდებულ მირზა გიგლემიანის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაასრულა.

"სამსახურებრივი შემოწმების შედეგად ახალი გარემოება გამოიკვეთა, რომლის საფუძველზეც გამოძიება ჩატარდება. გენერალური ინსპექციის მიერ მოკვლეული საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისა და გამოძიების მიზნით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნა. გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება ადვოკატის განცხადების საფუძველზე, მიმდინარე წლის 10 დეკემბერს დაიწყო." - წერია სამინისტროს განცხადებაში.

დღესვე მსჯავრდებულის შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს სოზარ სუბარს  რეკომენდაციით მიმართა. უჩა ნანუაშვილმა მოითხოვა, მსჯავრდებულ მირზა გიგლემიანს სასწრაფოდ ჩაუტარდეს სამედიცინო ექსპერტიზა, რათა დადგინდეს სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხი, ხასიათი, წარმოშობა და ხანდაზმულობა. ასევე, ომბუდსმენის რეკომენდაციით, სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შემდგომი გამოძიების მიზნით,  საქმე უნდა გადასცეს საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა მოხდეს მისი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება.

კომენტარები