სტიქია აჭარაში

აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმის 80%-ს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება

დაზიანებული გადამცემი ხაზი აჭარაში
ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისათვის აჭარის რეგიონს შეუფერხებლად მიეწოდება წყალი და ბუნებრივი აირი, მუშაობენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები.

10 დეკემბრის შემდეგ ამოქმედდა 23-მეგავატიანი გადამცემი ხაზი და ასევე თურქეთის რესპუბლიკა აჭარას 35 მგ ელექტროენერგიას აწვდის, რის შედეგადაც ამჟამად, ბათუმის მოსახლეობის 80%-ს გრაფიკით მიეწოდება ელექტროენერგია, ხოლო ქობულეთის 90%-ს - სრულად. რაც შეეხება ხელვაჩაურს, აქ მოსახლეობის ნახევარზე მეტს - 7500 აბონენტს მიეწოდება დენი.

აჭარის მთავრობის ცნობით, ხელვაჩაურის მასშტაბით დაზიანებულია რამდენიმე ფიდერი, მაგრამ მათ შესაკეთებლად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს ელ. ენერგია ჯერ არ მიეწოდება, რადგანაც ქედაში დაზიანებულია 5 მაღალი ძაბვის გადამცემი რკინის კონტრუქციის ანძა, რომელთაგან 2 მდებარეობს რთულ რელიეფურ ადგილას და გაძნელებულია მათი შეკეთება და ამ ანძების შეკეთებისთანავე აღდგება ელ. ენერგიის მიწოდება.

აჭარის მთავრობის პრესსამსახური აცხადებს, რომ ჩოლოქი-სარფის ცენტრალური გზა გაწმენდილია, ხოლო ციხისძირის უღელტეხილსა და ჩაქვის გვირაბის მიდამოებში მიმდინარეობს გზის გაწმენდა, იყრება მარილი. გზები გაწმენდილია ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში.

ქედა-შუახევის მონაკვეთზე 24 საათში 10 მეწყერი ჩამოწვა, გზის ამ მონაკვეთებზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. აჭარის მთავრობის ინფორმაციით. დილიდანვე მობილიზებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აჭარის გზების დეპარტამენტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და სხვა შესაბამისი სამსახურები. გამოყვანილია სპეცტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა.

დიდთოვლობის გამო, ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზის მე-10 და 106-ე კმ-ის მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი ავტომობილების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

კომენტარები