თავშესაფარი მიუსაფართათვის

დროებითი თავშესაფრები თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მოეწყობა

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა. გადაწყდა, რომ დღეს ეკონომიკის სამინისტრო, თბილისის მერიასთან ერთად, მოიძიებს და გამოყოფს ტერიტორიას, სადაც რამდენიმე ვაგონი და კარვები განთავსდება მიუსაფარ ადამიანთა საცხოვრისების სასწრაფოდ მოსაწყობად.

"ეს, პირველ რიგში, იქნება იმ ხალხისთვის, რომლებსაც ღია ცის ქვეშ უწევთ ღამის გათევა. ისინი, ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან ცხელი საკვებით, სამედიცინო დახმარებითა და სხვა დამატებითი საჭიროებებით", - აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ თავშესაფრის გარეშე მყოფ ადამიანთა რაოდენობისა და მათი შეკრების ადგილის შესახებ ძირითადი საინფორმაციო ბაზა არსებობს.

"თუმცა, იმისათვის, რომ არცერთი ასეთი ადამიანი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ, პროცესში ჩართული იქნება, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი. მოხდება 112-ზე შემოსული ინფორმაციის გადამოწმება და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ამ ადამიანებს გადავიყვანთ დროებით თავშესაფარში", - აცხადებს სამინისტრო.

დავით ნარმანიას ინფორმაციით, მიუსაფართა დახმარების საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებსაც შეეძლებათ ჩართვა. მინისტრის თქმით, დედაქალაქის გარდა, თავშესაფრები ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავშიც გაიხსნება. როგორც ნარმანია აცხადებს, ყველა სამინისტროს აქვს შესაბამისი საშუალება იმისათვის, რომ არაფულადი საშუალებების მობილიზება მოახდინოს და აღნიშნული პრობლემა გადაჭრას.

"თუ დამატებით ფინანსური სახსრები გახდა საჭირო, მისი მობილიზებაც მოხდება", - აღნიშნა მან.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით კი, უწყებათაშორისი ჯგუფი, გარდა პრობლემის მოკლევადიანად გადაჭრისა, საშუალოვადიან და ხანგრძლივ შედეგზე გათვლილ გეგმებზეც მუშაობს.

"მოვიძიებთ კაპიტალურ შენობას, რომელსაც სწრაფ ადაპტაციას გავუკეთებთ, მოვახდენთ მის თერმოიზოლაციას, განვათავსებთ საწოლებს და შევქმნით ამ ადამიანებისთვის საცხოვრებელ პირობებს", - განაცხადა მინისტრმა და განმარტა, რომ პროცესში ჩართულები იქნებიან სოციალური აგენტები, სოციალური მუშაკები, ექიმები და ექთნები.

შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ნარმანია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ეკონომიკის, ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრების მოადგილეები ესწრებოდნენ. 

ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ შექმნა და მას მიუსაფარი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება დაავალა. ჯგუფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები. როგორც გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ჯგუფის მუშაობაში, ასევე, ჩაერთვებიან შსს, თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია.

სამუშაო ჯგუფი დღეს, 11:30 საათზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კვლავ შეიკრიბება.

კომენტარები