საგადასახადო შემოსავლები

PMCG: საშემოსავლო გადასახადიდან და დღგ-დან შემოსავალში 50 მილიონის დანაკლისია

martinasblogs.blogspot.com

2013 წლის პირველ სამ კვარტალში საშემოსავლო გადასახადიდან და დღგ-დან ჯამურმა შემოსავალმა 3.410 მილიარდი ლარი შეადგინა. "თუმცა, ამავე პერიოდის მშპ-ს ზრდისა (1.7%) და ინფლაციის დონის (-1%) გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადიდან და დღგ-დან შემოსავალი 3.461 მილიარდი ლარი უნდა ყოფილიყო, რაც მიანიშნებს 50.7 მილიონიან დანაკლისს", - აღნიშნულია პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციოს ჯგუფის - PMCG-ის ეკონომიკურ გამოცემაში. გამოცემა აანალიზებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურისა (საქსტატი) და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებს. 

PMCG-ის მიხედვით, 2013 წლის ოქტომბერში საგადასახადო შემოსავლები შემცირებულია (-10.5%) 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით. შემცირებულია შემოსავალი დღგ-დან (-24.8%), აქციზის (-10.7%) და იმპორტის (-19.1%) გადასახადებიდან, ხოლო გაზრდილია შემოსავალი საშემოსავლო (10.9%), მოგების (47.9%) და ქონების (9.7%) გადასახადებიდან. 2013 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით იმპორტის გადასახადიდან შემოსავალი შემცირებულია 3.7%-ით, რასაც PMCG იმპორტის მოცულობის შემცირებით (-3.8%) ხსნის. 2013 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი 2012 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.8%-ით შემცირდა. 2013 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დღგ-დან შემოსავალი 8%-ით შემცირდა. "ეს მიანიშნებს ქვეყანაში დღგ-თი დაბეგვრად სექტორებში აქტივობის შემცირებაზე. საყურადღებოა, რომ დღგ-დან შემოსავალი უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, რაც სავარაუდოდ მიანიშნებს, რომ ადმინისტრირება სათანადოდ ვერ განხორციელდა", - აღნიშნულია PMCG-ის მიმოხილვაში. 

კომენტარები