ვენეციის კომისია

გიორგი პაპუაშვილი ვენეციის კომისიის მმართველი ორგანოს წევრად აირჩიეს

გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, ამავე სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი 2013 წლის 7 დეკემბერს ვენეციის კომისიის 97-ე პლენარულ სხდომაზე ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი ორგანოს - ბიუროს წევრად აირჩიეს. ამავე სხდომაზე, კომისიის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს ჯანი ბუკიკიო. ახალარჩეული პრეზიდენტის ერთ-ერთი პირველი ვიზიტით 2014 წლის იანვარში საქართველოს ეწვევა.

ვენეციის კომისიის ბიურო შედგება ვენეციის კომისიის პრეზიდენტისა და შვიდი წევრისგან, რომლებიც 2 წლის ვადით გადარჩევის უფლებით აირჩევიან. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვენეციის კომისიის ბიუროში საქართველოს თავისი წევრი ჰყავს.

ვენეციის კომისიაში სულ 59 წევრი ქვეყანაა (საქართველო 1999 წლიდან). არის აგრეთვე 1 ასოცირებული და 5 დამკვირვებლის სტატუსის მქონე წევრი ქვეყანა. გიორგი პაპუაშვილი 2007 წლიდან ვენეციის კომისიის წევრია.

ევროპული კომისია დემოკრატიისთვის კანონის მეშვეობით, ცნობილი როგორც ვენეციის კომისია, დაარსდა 1990 წელს და არის ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო კონსტიტუციურ საკითხებში. მისი მიზანია წევრ ქვეყნებში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება. კომისია წამყვან როლს თამაშობს ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს კონსტიტუციების და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტების შემუშავებაში.

ვენეციის კომისია სამართლებრივი რჩევების მეშვეობით თამაშობს ასევე მნიშვნელოვან როლს კრიზისების მართვასა და კონფლიქტების აღკვეთაში. ვენეციის კომისიას, საქართველოს ხელისუფლებისა თუ ევროპის საბჭოს თხოვნით, არაერთ საკანონმდებლო აქტსა თუ კონსტიტუციურ ცვლილებაზე გამოუქვეყნებია თავისი დასკვნა.

კომენტარები