სახელმწიფო შესყიდვები

მარნეულის მუნიციპალიტეტი 3 ახალი ავტომობილის ყიდვას 170 000 ლარად აპირებს

Kia Sorento

მარნეულის მუნიციპალიტეტმა 5 დეკემბერს 3 ახალი ავტომობილის შესაძენად 2 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტს 2013 წელს გამოშვებული ავტომობილების შეძენა სურს, რაშიც მაქსიმუმ 170 000 ლარს გადაიხდის.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ერთ-ერთ ავტომობილს უნდა ჰქონდეს სიჩქარის გადაცემის 6-საფეხურიანი კოლოფი (ტიპტრონიკი), მოქრომული სახელურები, ტყავის და ხის საჭე, მძღოლის ელ. სავარძელი წელის საყრდენის ელ. რეგულირებით, 2-ზონინი კლიმატკონტროლი, ღილაკზე დაქოქვის სისტემა და ა.შ.

შესაძენი ავტომობილის მონაცემები ზუსტად ემთხვევა Kia Motors-ის ვებგვერდზე განთავსებული ავტომობილის, Kia Sorento-ს 2013 წლის მოდელის მონაცემებს, რომელიც 28 400$ ღირს. სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული შესასყიდი ავტომობილის მონაცემები სწორედ Kia-ს ვებგვერდიდანაა ამობეჭდილი, რადგან დოკუმენტაციას თან ავტომწარმოებლის ლოგო ახლავს.

სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად, დანარჩენი 2 ავტომობილიც 2013 წელს უნდა იყოს გამოშვებული.

ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ის კომპანია იქნება, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტს ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს.

კომენტარები