NATO-საქართველოს კომისია

მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება

facebook.com/maiapanjikidzeofficial

ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი NATO-რუსეთის საბჭოს სხდომით გაიხსნა. მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ესწრება. საბჭოს სხდომაზე სირიის, ავღანეთისა და სარაკეტო თავდაცვის საკითხებს განიხილავენ.

"ევროატლანტიკურ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, NATO-სა და რუსეთს გადამწყვეტი როლი აკისრია. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ ძირითად საკითხში პოლიტიკური დიალოგის ჩამოყალიბებისა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მიეძღვნება. 2013 წელს ჩვენ მივაღწევთ მნიშვნელოვან პროგრესს ავღანეთის ოპერაციისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. ჩვენ გვაქვს მომავალი წლის თანამშრომლობის გეგმა და ამ მიმართულებით ახალ პროექტებზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა  NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.  

NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, NATO-საქართველოს კომისიის სხდომა დაიწყება. სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გამოვა. იგი საქართველოსა და NATO-ს სამომავლო ურთიერთობებსა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზე ისაუბრებს. ფანჯიკიძე დღესვე ISAF-ის მისიაში მონაწილე ქვეყნების შეხვედრაზე სიტყვით გამოვა.

NATO-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, მაია ფანჯიკიძე ანდერს ფოგ რასმუსენთან ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. ამის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში გაემგზავრება, სადაც ეუთო-ს მინისტერიალი იგეგმება.

კომენტარები