რელიგიის თავისუფლება

მთავრობამ რელიგიის კომისია შექმნა

საქართველოს მთავრობამ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია შექმნა. კომისიას რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი უხელმძღვანელებს და მასში თითქმის ყველა სამთავრობო უწყება მინისტრის მოადგილით იქნება წარმოდგენილი.

კომისიის ამოცანებს შორის იქნება რელიგიური შენობა–ნაგებობების მშენებლობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შემუშავება; რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების საკითხის შესწავლა; საჯარო ღვთისმსახურებისა და საჯარო რელიგიური მსვლელობის საკითხის შესწავლა და რელიგიური გაერთიანებების საგანმანათლებლო საქმიანობის შესწავლა. კომისიის მიერ დასახული მიზნები არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილისთვის ბუნდოვანია და სამართლებრივ კითხვებს აჩენს.

ცოტა ხნის წინ რეინტეგრაციის მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნული კომისიის მიზნები შემდეგნაირად განმარტა: "მოგეხსენებათ, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სამართლებრივი ურთიერთობა გააჩნია მართლმადიდებალ ეკლესიასთან. ეს რეგულირდება საკონსტიტუციო ხელშეკრულებით, ე.წ. კონკორდატით. სხვა გაერთანებებთან არანაირი სამართლებრივი ბმა არ გააჩნია სახელმწიფოს. რაც იწვევს ისეთ გაუგებრობებს, როგორიც არის, მაგალითად, თუ რამდენად კანონიერია ან არაკანონიერია ამა თუ იმ ნაგებობის მშენებლობა, საიდან იღებენ დაფინანსებას და ასე შემდეგ. სწორედ ამ საკითხის მოსაწესრიგებლად შეიქმნა სამთავრობო კომისია. ვთვლით, რომ ეს კომისია დაარეგულირებს ყველა საკითხს და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს წარუდგენს მთავობას და პარლამენტს" – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 



კომენტარები