პრეზიდენტის ინტერვიუ

პრეზიდენტი: რუსეთმა საქართველოს მიმართ უარყოფითი ზემოქმედების რესურსი ამოწურა

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, რუსეთმა საქართველოს მიმართ უარყოფითი ზემოქმედების რესურსი ამოწურა. როგორც მარგველაშვილმა რუსთავი 2-ს გადაცემა არჩევანში განაცხადა, რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტის საშიშროება საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების განხორციელების არჩევანის წინაშე ვერ დააყენებს. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა ბოლომდეც რომ გაზარდოს, სავაჭრო ბრუნვა იმდენს მაინც ვერ მიაღწევს, რომ მისმა შეწყვეტამ ქვეყნის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

"უკრაინისთვის ეს სავარაუდოდ ბევრად უფრო მტკივნეული იქნებოდა, ვიდრე საქართველოსთვის თუნდაც ერთი წლის მასშტაბში. ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ვერ მივაღწევთ ისეთ ბრუნვას რუსეთთან, რომ მისი შეწყვეტის საშიშროებამ ჩვენი პოლიტიკური თავისუფლების განხორციელების არჩევანის წინაშე დაგვაყენოს. ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ და იზოლაციონისტები არანაირად არ უნდა გავხდეთ. ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ბაზარი და მომავალშიც ვისურვოთ, რომ რუსეთთან რაც შეიძლება უფრო მეტი ვივაჭროთ", - განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ რუსეთთან ვაჭრობაზე ევროკავშირიც ძალიან აქტიურად საუბრობს.

"იცით, როგორი ინტენსიურია ენერგეტიკული საკითხები, იგივე რუსეთსა და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს შორის. ევროკავშირი ამბობს რუსეთთან ვაჭრობაზე უარს? არა. ეს დიპლომატიის საკითხია. რა თქმა უნდა, არ უნდა ჩამოეკიდო რომელიმე ქვეყანას, მაგრამ უნდა მოახდინო მუდმივად ბაზრების დივერსიფიკაცია. ისიც უნდა ვაკეთოთ და ისიც. ამავე დროს, უნდა დავიცვათ ჩვენი არჩევანი", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, რუსეთი საქართველოში არ იმოქმედებს ისე, როგორც სავარაუდოდ მოქმედებს უკრაინაში. მარგველაშვილის თქმით, "არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა და ქართული საზოგადოება ძალიან მტკიცედ დგას ევროპული არჩევანის გზაზე".

"რუსეთი საქართველოში არ იმოქმედებს ისე, როგორც ის მოქმედებს სავარაუდოდ უკრაინაში. ჩვენ ბევრად უფრო მტკიცენი ვართ ამ ეტაპზე, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეკონომიკა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ რუსეთზე არ არის დამოკიდებული. ამ შემთხვევაში საბედნიეროდ, რადგან ნაკლები ბერკეტი აქვს. თორემ ისე ჩვენ რუსეთთან გვინდა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართული საზოგადოება არის უაღრესად კონსოლიდირებული ჩვენს ევროპულ არჩევანში, ეს არის ძალიან სერიოზული რესურსი, რომელიც ჩვენ ყველას გაგვაჩნია. ჩვენ ვითვლით რისკებს. ჩვენ გვაქვს მტკიცე პოზიცია და ნაკლები შესაძლებლობა, რომ რაიმე ზეგავლენა მოხდეს. თუმცა რადიკალური ჯგუფების გააქტიურება, განსაკუთრებით ევროპული არჩევანის წინააღმდეგ, შესაძლებელია", - აღნიშნა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ პანიკა არ უნდა იყოს.

"უკვე რომ ვთქვათ - უკრაინაში ეს მოხდა და ბუნებრივია, აქაც მოხდებაო, არასწორია. შეიძლება ვთქვათ, რომ უკრაინაში მოხდა და ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და კონცენტრირებული ერთი მიმართულებით. უნდა მოხდეს საზოგადოების მოდერნიზება და ასოცირების ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში უნდა მოვაწეროთ ხელი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა არჩევანში.

კომენტარები