შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ Russia Today-თვის მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება, სადაც ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში, პოლიციის რეიტინგი ორჯერ გაიზარდა. როგორც მერაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, ღარიბაშვილის ამ განცხადებით, გაოცებულია.
"ბატონი ღარიბაშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი მუშაობის დროს, პოლიციის რეიტინგი ორჯერ გაიზარდა. მინდა მას შევახსენო, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ყველა სანდო გამოკითხვის თანახმად, საქართველოს პოლიციის რეიტინგი მერყეობდა 80-90% ფარგლებში. შესაბამისად, მისი ორჯერ გაზრდა, თეორიულად შეუძლებელი იქნებოდა. კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე იაფფასიანი ტყუილების გავრცელების ნაცვლად, კარგი იქნებოდა, პრემიერმინისტრს კრიზისში მყოფ ქვეყნის ეკონომიკასა და გაზრდილ კრიმინალზე ეზრუნა" - აღნიშნავს მერაბიშვილი.
საქართველოს პრემიერმინისტრთან Russia Today-ს ინტერვიუში ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილის ასაკზე გაამახვილა ყურადღება და ჰკითხა, აქვს თუ არა გამოცდილება, მართოს ქვეყანა? ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ეჭვები მაშინაც იყო, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა.
"მაშინ 30 წლის ვიყავი. სამინისტრო სავალალო მდგომარეობაში იყო, როდესაც გადმოვიბარე. სისტემა იყო ტოტალურად პოლიტიზებული და ამაყი ვარ, რომ ჩვენ სამინისტრო თავის გზაზე დავაბრუნეთ. პოლიციის მიმართ ნდობა გასულ წელს გაორმაგდა. ნდობის დონე 86-87%-ია, მაშინ როდესაც ადრე გაცილებით ნაკლები იყო", - თქვა ღარიბაშვილმა.
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია IRI საზოგადოებრივი განწყობების კვლევას საქართველოში უკვე წლებია რეგულარულად ატარებს. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ 2010 წელს ჩატარებული კვლევით, პოლიციისადმი ნდობა 84% იყო.IRI-ს მონაცემებით, პოლიციას 2012 წლის მიწურულსაც მოსახლეობის 84%-მდე ენდობოდა.





