სასწრაფო დახმარება

ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონებისთვის სასწრაფო დახმარების ახალ მანქანებს იყიდის

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ყველა რეგიონში სასწრაფო დახმარების ძველ მანქანებს ახლებით შეცვლის. 220 ახალი რეანომობილის შესაძენად ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა. ტენდერში წინადადებების მიღება 15 დეკემბერს დაიწყება და 20 დეკემბერს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემსყიდველმა კომპანიამ სამინისტროს 220 ავტომობილის შესაძენად 10 714 000 ლარზე ნაკლები თანხა უნდა შესთავაზოს. გამარჯვებული სწორედ ის იქნება, ვინც ყველაზე ნაკლებ თანხას დაასახელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, რეგიონებისთის განკუთვნილი სასწრაფო დახმარების მანქანები უნდა იყოს მაღალი გამავლობის, 2013-1014 წლებში გამოშვებული. თითოეული ავტომობილი აღჭურვილი იქნება საკაცით, სხვადასხვა სათავსოებით, სამაგრით, ექიმის სავარძლით, საკაცითა და სხვა სპეციფიკური მოწყობილობებით.

ახალ მანქანებს უნდა ჰქონდეს წინა და უკანა სალონების გათბობისა და გაგრილების, ასევე, ვენტილაციის სისტემა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემსყიდველმა ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების ახალი ავტომობილები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა მიაწოდოს, აქედან, ავტომობილთა 50% 2014 წლამდე უნდა იყოს შემოყვანილი.

კომენტარები