შიდსთან ბრძოლა

გურამ დევაძე: თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში აივ ინფიცირებულს არ უმკურნალეს

positive power
ტაბულა

დღეს, 30 ნოემბერს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში პროექტ „positive power“-ის ფარგლებში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სამედიცინო პერსონალის მიერ აივ დადებითი პირების დისკრიმინაციის ფაქტებზე, როგორც ამ პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისე თავად აივ პოზიტიურმა პირებმა ისაუბრეს. ამ უკანასკნელთა იდენტიფიცრების თავიდან ასაცილებლად პრესკონფერენცია ტელემედიისთვის დახურული იყო.

„ექიმთა მხრიდან აივ ინფცირებულთა დისკრიმინაცია ახალი არ არის, მე როგორც ექიმი ვგმობ სტერეოტიპებზე დაფუძნებულ ირაციონალურ შიშს, რომელსაც არ გააჩნია არავითარი სამეცნიერო საფუძველი და ასეთმა ქცევამ, იმ ადამინებს, ვინც ჩვენგან, ექიმებისგან მოელიან  მათი ჯანმრთელობის დაცვას შეიძლება მიაყენოს გამოუსწროებელი ემოციური და ფიზიკური ზიანი. ბოლო ასეთი ფაქტი 16 ნოემბერს დაფიქსირდა“ - განუცხადა ტაბულას პროექტის წარმომადგენელმა, გურამ დევაძემ.

ნ.კ თითქმის ერთი წელია, რაც აივ დადებითია. წარმატებული  ანტირეტროვირუსული თერაპიის წყალობით თავს გრძნობს ჯანმრთელად და ეწევა სრულფასოვან ცხოვრებას. 16  ნოემბერს ალერგიული შეტევის გამო ნ.კ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში.

აივ პოზიტიური პირის თქმით, მას შემდეგ, რაც ექიმმა შეიტყო მისი აივ სტატუსის შესახებ,  უარი განაცხადა სამედიცინო დახმარების ჩატარებაზე. პაციენტის მიმართ გულგრილი გახდა მთელი კლინიკის სამედიცინო პერსონალი. მას მოუწია გადაეტანა  ღია აგრესია და დამცირება, როგორც პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების, ასევე დაცვის თანამშრომლების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი ალერგიული შეტევის დიაგნოზით იყო, სადაზღვეო კომპანიამ უარი განუცხადა ხარჯების ანაზღაურებაზე. ნ.კ აპირებს სასამართლოს მიმართოს. დევაძის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აივ პოზიტიური პირები დისკრიმინაციის ფაქტებს სამართლებრივ გაგრძელებას არ აძლევენ, დაუსჯელობა კი საუკეთესო ნიადაგია დისკრიმინაციის გასაგრძელებლად. 

პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ უკანასკნელ ათწლეულში, აივ ინფექციის მკურნალობის მიღწევების ფონზე, მედიკოსების მსგავსი ქმედება ხელს უწყობს საზოგადოებაში აივ ინფიცირებულების მიმართ უარყოფითი სტერეოტიპების განმტკიცებას, ლახავს აივ ინფიცირებული პაციენტების უფლებებს, წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის კანონმდებლობასთან და ექიმების პროფესიული ეთიკის პრინციპებთან. 

ხვალ 1 დეკემბერს მთელ მსოფლიოში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

კომენტარები