საქართველოს პრეზიდენტი

მარგველაშვილმა ვილნიუსის სამიტზე ორმხრივი შეხვედრები გამართა

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში 29 ნოემბერს რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობთ, პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ბრონისლავ კომაროვსკის იმ თანადგომისთვის, რომელსაც პოლონეთი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყანა, საქართველოს მიმართ ევრო-ატლანიკური ინტეგრაციის პროცესში იჩენს. შეხვედრისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ეხმარება მას არაღიარების პოლიტიკის გატარებაში.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე და პოლონეთი კვლავაც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზეც ისაუბრეს და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზეც იმსჯელეს.

პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ანდრუს ანსიპს შეხვდა.შეხვედრისას მხარეებმა სახელმწიფოთა შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ანდრუს ანსიპს ესტონეთის მიერ საქართველოსათვის სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისათვის და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით თანადგომისათვის.

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, თავის მხრივ, გამოხატა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში. პრემიერმინისტრმა საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში მიიწვია, ხოლო ,თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტს მომავალი წლის პირველ ნახევარში გეგმავს.

სამიტის ფარგლებში საქართველოსა და საფრანგეთის რეპუბლიკის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ფრანსუა ოლანდს ქვეყნის ევროპული კურსის მხარდაჭერისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკასა და სხვა სფეროებში გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის. შეხვედრისას, მათ იმ განსაკუთრებულ როლზეც ისაუბრეს, რომელიც 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოსადმი განხორციელებული სამხედრო აგრესიის პერიოდში საფრანგეთმა შეასრულა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების მნიშვნელობას და აღნიშნა , რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების, სტანდარტებთან მიახლოვებასა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას
გიორგი მარგველაშვილმა და ფრანსუა ოლანდმა ბიზნესის, ვაჭრობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, მიგრაციის, დანაშაულთან ბრძოლისა და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაც აღნიშნეს.

საუბრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგი კოლეგა საქართველოში მოიწვია. თავის მხრივ, ფრანსუა ოლანდმა დაადასტურა, რომ იგი აუცილებლად ეწვევა საქართველოს.
საქართველოს პრეზიდენტი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს ალენკა ბრატუშეკოსაც შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავება იყო. გიორგი მარგველაშვილმა და ალენკა ბრატუშეკომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს.

 

 

კომენტარები