ბიუჯეტის ფული

IDFI: კულტურის სამინისტრომ 6 თვეში ღონისძიებებზე 2.7 მილიონამდე ლარი დახარჯა

ინფორმაციის თავისყუფლების განვითარების ინსტიტუტმა(IDFI) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მიღებული საჯარო ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელიც 2013 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდში დაფინანსებულ ღონისძიებებზე გაწეულ ხარჯებს ასახავს.

როგორც ირკვევა, აღნიშნულ პერიოდში სამინისტროს მიერ ღონისძიებებზე გაწეულია 2 689 992 ეკვივალენტი ლარის (2 609 878 ლარი, 14 111 ევრო და 18 090 ფუნტ სტერლინგი) ხარჯი. აღნიშნული თანხა გადანაწილებულია 92 ღონისძიების დაფინანსებაზე, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა - 327 420 ლარი გამოეყო სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრს თელავის მუსიკალური ფესტივალის დასაფინანსებლად.

2013 წლის აპრილის თვეში დაფინანსდა 10 ღონისძიება 161 079 ლარის და 1 000 ევროს ოდენობით. მათგან ყველაზე დიდი თანხა 58 410 ლარი გამოეყო შპს ბრავო რექორდს ფილარმონიაში შინის კონცერტის ჩასატარებლად.

IDFI-ის ცნობით, მაისის თვეში დაფინანსებულ ღონისძიებითა რაოდენობა განისაზღვრა 11-ით, რომლებზეც ერთობლივად გამოყოფილია 242 827 ლარი და 11 490 ფუნტ სტერლინგი. მაისის თვეში დაფინანსებულ ღონისძიებებს შორის ყველაზე დიდი თანხა გამოყოფილია შპს კინოსტუდია ხომლისთვის პროექტ არტერიას განსახორციელებლად.

ივნისში 139 293 ლარით სამინისტროს მიერ დაფინანსებულია 10 ღონისძიება, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა - 31 985 ლარი გამოეყო ააიპ ასოციაცია ანიკას პროექტის ხელშეწყობისთვის.

6 ღონისძიება 179 695 ლარით არის დაფინანსებული ივლისში. ამ თვეში ყველაზე მეტი - 98 435 ლარი გამოეყო ააიპ სტუდია ტელევეზირს პროექტის ხელშეწყობისთვის.

2013 წლის აგვისტოში 11 ღონისძიება დაფინანსდა 487 450 ლარით, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა გამოეყო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოწყობისთვის.

სექტემბერში დაფინანსდა 13 ღონისძიება 589 129 ლარისა და 6600 ფუნტ სტერლინგის ოდენობით. ყველაზე დიდი თანხა გამოეყო ააიპ საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდს პიანისტთა კონკურსის ჩატარებისთვის.

IDFI-ის ცნობით, ოქტომბერში დაფინანსდა ყველაზე მეტი 24 ღონისძიება 719 191 ლარის და 13 111 ევროს ოდენობით, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა - 327 420 ლარი გამოეყო სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრს თელავის მუსიკალური ფესტივალის დასაფინანსებლად.

ოქტომბერში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თანხით (101 573 ლარი) დაფინანსდა აგრეთვე შპს გაზეთი იბერია ლონდონში სამი ქართველი ფოტოჟურნალისტის გამოფენის და დავით მაღრაძის ინგლისურენოვანი თარგმანის პრეზენტაციის მოწყობისთვის.

2013 წლის ნოემბრის თვის მონაცემები მოიცავს მხოლოდ 1 – 8 ნოემბერი პერიოდს, რომლის განმავლობაშიც დაფინანსებულია 7 ღონისძიება 91 215 ლარით. ყველაზე დიდი თანხა - 37 000 ლარი გამოყოფილია ააიპ საქველმოქმედო ფონდი ხელოვანები თანადგომისათვის დევნილთა სახელოვნებო სკოლის ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის.

ინფორმციის თავსიუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, ზემოთ მოყვანილი 2013 წლის მონაცემები მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ წინა წლებთან შედარებით სამინისტროს მიერ კონკრეტული ღონისძიებებისთვის თანხების გამოყოფა მკვეთრად შემცირებულია. მაგალითად 2010 წელს მხოლოდ შპს ინტერნეიშენალ ივენთს კრის დე ბურგის კონცერტის ორგანიზებისთვის გამოეყო 1 484 826 ლარი. 2011 წელს მხოლოდ შპს ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს MTV GEORGIA LIVE-ის დაფინანსებისთვის გამოეყო 2 000 000 დოლარი. 2012 წელს მხოლოდ შპს არტ ბათუმს მიუზიკლის ვერის უბნის მელოდიების ორგანიზებისთვის გამოეყო 1 716 985 ლარი.

 

კომენტარები