საკადრო ცვლილებები

დავით ჯანდიერი იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე აღარ იქნება

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის თეა თეა წულუკიანის განცხადებით, დავით ჯანდიერი მისი პირველი მოადგილე აღარ იქნება. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა. 

“დავით ჯანდიერს ვიცნობ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა ის ჩემი სტაჟიორი იყო სტრასბურგის სასამართლოში სამი თვის განმავლობაში. ბოლო წელი ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და ეს წელიწადი ყველასთვის იყო გამოცდა გამძლეობაში, სერიოზულობაში და საქმიასადმი სწორ მიდგომებში. ამ საქმიანობის შეფასების შედეგად მე გადავწყვიტე, რომ პირველი მოადგილე გამხდარიყო სხვა” - განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრს თავის პირველ მოადგილედ შესთავაზა ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურა. მოადგილეებად დარჩებიან ალექსანდრე ბურჭულაძე და გოჩა ლორთქიფანიძე, ხოლო მეოთხე მოადგილის თანამდებობაზე წულუკიანმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე წარადგინა.

იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებას მისი ყოფილი პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი Facebook-ის მეშვეობით გამოეხმაურა

"გასულ წელს ჩემს წარდგენას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე საზოგადოება დადებითად შეხვდა, რის გამოც, სავსებით ბუნებრივად მიმაჩნია ის ინტერესი, რაც მოჰყვა ჩემს ხელახლა წარუდგენლობას ამ პოზიციაზე. ასევე ბუნებრივად მიმაჩნია შეკითხვების გაჩენა მათგან, ვინც მიცნობს როგორც ადამიანს, მენეჯერს და იურისტს.  განვლილი ერთი წელი იუსტიციის სამინისტროში მაფიქრებინებს, რომ ერთგულად, წესიერად ვემსახურე იმ საქმეს, რომელიც მე, როგორც საჯარო მოხელეს მევალებოდა. გადაწყვეტილებებს ვიღებდი ყოველთვის გაბედულად, თუმცა საკითხის სათანადოდ აწონ-დაწონვისა და გაანალიზების შემდეგ. მსურს კმაყოფილებით გავიხსენო მუშაობის ეს წელი სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლებთან, უპირველეს ყოვლისა კი – იუსტიციის სისტემის მუშაკებთან" - დაწერა ჯანდიერმა facebook-ის პირად გვერდზე და აღნიშნა, რომ სურს განსაკუთრებული პატივისცემა დაადასტუროს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელთა მხარდაჭერის გარეშეც, მისი თქმით, ვერ შეძლებდა ემუშავა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. 

"მჯერა, რომ მხოლოდ პროფესიონალიზმით, გონივრული, ჯანსაღი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის პირობებში შეძლებს იუსტიციის სამინისტრო წარმატების მიღწევას, იმ ურთულესი ამოცანებისა და განსახორციელებელი საკითხების გადაწყვეტას, რომლის წინაშეც ის დგას" -აცხადებს ჯანდიერი და აზუსტებს, რომ თეა წულუკიანი გაიცნოი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც როგორც იურისტი გადიოდა სტაჟირებას.

"კონკრეტულად ვინმეს სტაჟიორი არ ვყოფილვარ. უკეთ კი, იუსტიციის ამჟამინდელმა მინისტრმა გამიცნო მაშინ, როდესაც გირგვლიანის ოჯახის ინტერებს ვიცავდი ევროპულ სასამართლოში და მაშინ, როდესაც ქართული ოცნების საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი ნაძალადევის რაიონში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში" - აღნიშნავს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე.

კომენტარები