ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილზე უკეთ პარტიას ვერავინ წარუძღვება

france24.com/

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ის დარწმუნებულია, რომ ”ირაკლი ღარიბაშვილზე უკეთ პარტიას ვერავინ წარუძღვება”.

ივანიშვილის თქმით, მას სურს, მადლობა გადაუხადოს იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანდნენ მის გარშემო, ”რომლებმაც დაიჯერეს, რომ მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის გზით, მხოლოდ არჩევნებით, მხოლოდ კონსტიტუციის ჩარჩოებში უნდა დაემარცხებინათ მოძალადე ხელისუფლება”.

“ზუსტად იმ დროს, იმ ურთულეს ვითარებაში, შევქმენით პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც ახალი ძალები უნდა გაეერთიანებინა და გვერდში დადგომოდა უკვე გამოცდილ პოლიტიკურ ძალებს.ამ საქმეში პირველი ჩემი თანამოაზრე იყო ირაკლი ღარიბაშვილი. მაშინ ირაკლიმ ბევრ განსაცდელს გაუძლო. ყველას გახსოვთ, როგორ დაუპატიმრეს ოჯახის წევრი და, ამის მიუხედავად, ერთი წუთით არ დაუხევია უკან - იყო პარტიის დაარსების საინიციატივო ჯგუფის წევრი და პირველივე დღიდან პარტიის გამორჩეული სახე. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ მასზე უკეთ ვერავინ წარუძღვება პარტიას. ირაკლის, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, პოლიტიკური ალღოც აქვს და ორგანიზაციული ნიჭიც. მჯერა, რომ ირაკლი ღირსეულად ატარებს ამ ტვირთს, გაამართლებს ჩვენს ნდობას და მისი თავმჯდომარეობით პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება და უკეთ ორგანიზებული იქნება”,- თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ასევე მოსახლეობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

“დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ხალხს, რომელმაც დაიჯერა, მენდო და ბოლომდე გამომყვა ბრძოლაში, ხალხს, რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში გამოიჩინა სიბრძნე და მოთმინება, დიდი გამბედაობა და თავდადება. მადლობა მინდა გითხრათ ყველას, პარტია ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს, კოალიცია “ქართული ოცნების“ ლიდერებს, კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას, თითოეულ წვერს ჩემთან ერთად ხალხისა და ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის”,- თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ”ყველას დავუმტკიცეთ, რომ ცივილიზებული ერი ვართ, ევროპული ღირებულებების ერთგული ხალხი ვართ, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ ვაქციოთ, ნამდვილად დემოკრატიულ საზოგადოებაში ვიცხოვროთ”.

კომენტარები