„ჩემი საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და, რა თქმა უნდა, მექნება გარკვეული გავლენაც. ამასთანავე, მე ამ გავლენას არათუ სათაკილოდ ვთვლი, არამედ ძალიანაც შევეცდები მის გაზრდას. სხვანაირად როგორ შეიძლება იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი?" -- ნათქვამია წერილში, რომელიც უკვე ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამოაქვეყნა. ივანიშვილი წერს, რომ აბსურდია ბრალდები იმის თაობაზე, რომ თითქოს ის კულისებიდან აპირებს ქვეყნის მართვას.
საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს და მის გუნდს ნდობა უკვე გამოუცხადა. ახალმა კონსტიტუციამ მნიშვნელოვნად გაზარდა პრემიერმინისტრის და მთავრობის უფლებამოსილებები პრეზიდენტის უფლებების შემცირების ხარჯზე. იმის შესახებ, თუ რა სახის გავლენა ექნება ივანიშვილს ხელისუფლებაზე, როგორია მთავრობის გეგმები და სამთავრობო პროგრამა, რატომ დაუჭირეს, ან არ დაუჭირეს მხარი ირაკლი ღარიბაშვილსა და მის გუნდს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობისა წარმომადგენლებმა, პარლამენტის წევრებთან - ირაკლი ჩიქოვანთან და გიორგი ვაშაძესთან ერთად ვისაუბრებთ. ამავე თემებზე ფოკუსში ასევე ჩაგვერთვება დეპუტატი თინათინ ხიდაშელი.
ფოკუსი




