აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

კარასინი: საქართველოს წინა მთავრობის მანიაკალური მტრობა წარსულში დარჩა

პრაღაში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა თქვა, რომ როგორც შეხვედრაზე აღნიშნა,  “მანიაკალური მტრობა, რომელიც ღვივდებოდა საქართველოს წინა მთავრობის მიერ, წარსულში დარჩა”.  მისი თქმით, მხარეებს წინ ელოდება ერთობლივი გადაწყვეტილებების ძიების კონსტრუქციული პერიოდი, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს დაეფუძნება. “ეს დაეფუძნება პატივისცემის წესებს, ხალხზე ზრუნვას, ჰუმანიტარულ კავშირებს, იმას, რომ გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები, გადავწყვიტოთ ეკონომიკური და სოციალური საკითხები, რომ ერთად მივიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებში. ერთი სიტყვით უამრავი საკითხია”,- თქვა კარასინმა. [კარასინის ნათქვამი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თარგმანია]

ზურაბ აბაშიძემ კი აღნიშნა, რომ სასურველია, პროგრესი იყოს ჟენევის დისკუსიებშიც.

“ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველაფერი კეთდება. ჩვენ დავადასტურეთ, რომ საქართველოს პრემიერი და ახალი პრეზიდენტი მხარს უჭერენ ჩვენი დიალოგის გაგრძელებას. ჩემის მხრიდან უნდა აღვნიშნო ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც შეასრულა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ამ დიალოგის დაწყებაში”,-აღნიშნა აბაშიძემ.

 

კომენტარები