სამთავრობო პროგრამა

მთავრობა ჯარზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის დახვეწაზე მუშაობს

Facebook.com

ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის მიხედვით, თავდაცვა და შეიარაღებული ძალები ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. პროგრამაში აღნიშნულია, რომ დასახული ამოცანების შესასრულებლად, არსებული უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, აუცილებელია თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესება შეიარაღებული ძალების უფრო მობილურ და პროფესიულ, ნატოსთან თავსებად ძალებად გარდაქმნის გზით. ამ მიზნით საქართველოს მთავრობა პირობას დებს, რომ შეიმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და წარმართავს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას ქვეყნის ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით.

"გაგრძელდება თავდაცვის სექტორში მიმდინარე პროცესების გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება; იხვეწება და მომავალშიც იმუშავებს შეიარაღებული ძალების საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი და გაძლიერდება საპარლამენტო ზედამხედველობა. პერმანენტული ხდება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან თავდაცვის სისტემაში განხორციელებული ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პარლამენტისათვის საჯარო ანგარიშების წარდგენა. მთავარ პრიორიტეტად რჩება თავდაცვის სამინისტროს დეპოლიტიზირებულ ორგანიზაციად შენარჩუნება. კიდევ უფრო გაიმიჯნება სამხედრო და სამოქალაქო ფუნქციები და გაგრძელდება სამხედრო-სამოქალაქო კოორდინაციის გაუმჯობესების პროცესი. ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკის განსაზღვრისა და შემუშავების პროცესში განმტკიცდება ქვეყნის პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, რადგანაც ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება არ წარმოადგენს კონკრეტული პოლიტიკური ძალის ან პარტიის ვიწრო ვალდებულებასა და ინტერესს. უზრუნველყოფილი იქნება მატერიალურ-ფინანსური რესურსების ეფექტიანად გამოყენება.

ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. გაგრძელდება შეიარაღებული ძალების რეფორმის პრიორიტეტების თანამიმდევრულად განხორციელება და თავდაცვის კრიტიკული შესაძლებლობების განვითარება. გაუმჯობესდება მართვის, კონტროლისა და კოორდინაციის მექანიზმები. გაგრძელდება თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის რეკომენდაციების დანერგვა, კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტების განახლების პროცესი და სამხედრო დოქტრინების შემდგომი დახვეწა", - ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.

პრიორიტეტად რჩება ამოცანებზე ორიენტირებული და ხარისხიანი წვრთნების ორგანიზება. შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქმედითი რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ჩამოყალიბებას.

"შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესების მხარდასაჭერად გაგრძელდება საქართველოს ეროვნული სამხედრო სამრეწველო და სამეცნიერო პოტენციალის განვითარება. გაგრძელდება თავდაცვის სამინისტროს დაგეგმვისა და მართვის სისტემის ინსტიტუციონალიზაცია, რაც მოიცავს ძალთა დაგეგმვის, მატერიალური რესურსების განაწილებისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების შემდგომ სრულყოფას. გაგრძელდება ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების სისტემების დახვეწა, სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურების სისტემის რეფორმირება, სამხედრო განათლებისა და წვრთნების ხარისხის ამაღლება, პროფესიულ შეიარაღებულ ძალებზე გადასვლის ხელშეწყობა. საომარ, სამშვიდობო და სტაბილიზაციის ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერისა და უკეთ უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული შესაძლებლობების შემდგომი განმტკიცება მთავრობის პრიორიტეტია.

ძირეული რეფორმა განხორციელდება სამხედრო და ომის ვეტერანების უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, რომელიც გაითვალისწინებს სოციალური დახმარების, პროფესიული რეკვალიფიკაციისა და დასაქმების კომპონენტებს. ნატოში გაწევრიანება არის ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. შესაბამისად, გაგრძელდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის მექანიზმების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინება. გაღრმავდება პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობაში წვლილის შეტანის მიზნით, საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სამშვიდობო, სტაბილიზაციისა და კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობას", - ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.

კომენტარები