ღარიბაშვილი ეკონომიკურ ვარდნაზე

ღარიბაშვილი: ეკონომიკაში დაღმასვლას ძალიან მარტივად და ეფექტურად გადავლახავთ

facebook.com/GaribashviliOfficial

იყო დაღმასვლა ეკონომიკაში, რომელსაც ძალიან მარტივად გადავლახავთ - განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ახალი სამთავრობო გუნდი იმდენად ეფექტურად იმუშავებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ისევ აღმასვლას დაიწყებს. მისი განცხადებით, ეკონომიკის დაღმასვლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ერთწლიანი კოაბიტაციის პროცესი იყო.

"ქვეყანაში იყო ძალიან არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, შესაბამისად, როგორ შეიძლება მთავრობამ ინვესტორები შემოიყვანოს, როდესაც ვითარება არის არასტაბილური. როგორ შეგიძლია შენ ინვესტორი დაარწმუნო შემოვიდეს ქვეყანაში, სადაც რეალურად არის ორხელისუფლებიანობა, ეს არის წარმოუდგენელი. როდესაც პრეზიდენტი იქნება ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი, როგორ შეიძლება ინვესტორი დაარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი არის ძალიან კარგად და ამ ქვეყანაში არის სტაბილურობა. ეს გამორიცხულია. სასწაულებს ჩვენ ვერ გავაკეთებდით, მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ და არაფერს არ ვმალავთ. ვამბობთ, რომ იყო გარკვეული დაღმასვლა, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში სახეზეა გაჯანსაღების პროცესი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობას მიმართა და განაცხადა, რომ საქმე კატასტროფულად ნამდვილად არ არის.

"ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც თქვენ საუბრობდით, რომ ქვეყანაში კრიმინალი მატულობს, ეს ინგრევა - ის ინგრევა, სინამდვილეში არაფერი არ ხდება კატასტროფული, იყო დაღმასვლა ეკონომიკაში, მაგრამ ეს დაღმასვლა არის იოლად გამოსწორებადი. ჩვენი გუნდი იმდენად ეფექტური იქნება, რომ ამ პრობლემებს ჩვენ ძალიან მარტივად გადავლახავთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

პრემიერობის კანდიდატმა ყველას, მათ შორის, საპარლამენტო უმცირესობას მოუწოდა, ნუ ცდილობენ ინვესტორები დააფრთხონ, თითქოს ქვეყანაში რაღაც ხდება.

კომენტარები