სამთავრობო პროგრამა

შეიცვლება აფხაზეთის რეგიონის ავტონომიის მთავრობის საქმიანობის პრინციპები

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

კონფლიქტების მოგვარება საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების პრობლემატიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია - ასე წერია ახალ სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს წარუდგინა.

პროგრამაში წერია, რომ ქართველმა, აფხაზმა და ოსმა ერმა ერთად უნდა მიიღოს უსაფრთხოებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები და ზომები.

”პროვოკაციების საფრთხის პრევენციის მყარი მექანიზმის ჩამოყალიბებას და უსაფრთხოების გარანტირების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფას. კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარების საკითხებთან დაკავშირებულ პოზიციათა პრინციპული განსხვავების მიუხედავად, ქართველმა, აფხაზმა და ოსმა საზოგადოებებმა ერთად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა როგორც რეგიონის, ისე მომავალი თაობების უსაფრთხოებისათვის”, - ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.

პროგრამაში საუბარია იმაზე, რომ საჭიროა მხარეთა პოლიტიკური ექსპერტების დიალოგი, ბიზნესმენების, ჟურნალისტების, ფერმერების, ეკოლოგების, მედიცინის მუშაკების, სტუდენტებისა და სხვა "ინტერესთა ჯგუფების" შექმნა. ასევე, აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე, რომლის მექანიზმიც ეუთოსა და გაეროს ფორმატში უნდა შეიქმნას.

”მთავრობის სტრატეგიული ამოცანაა კონფლიქტის მიმდებარე, სამეგრელოსა და შიდა ქართლის, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, რისთვისაც შეიქმნება სარეაბილიტაციო პროექტების ხელშეწყობის საგანგებო ფონდი. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული ნებისმიერი შეღავათითა და მომსახურებით თავისუფალი სარგებლობის უფლება ექნებათ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; შეიცვლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ავტონომიების მთავრობების საქმიანობის პრინციპები. მათ ცენტრალური სტრუქტურებიდან გადაეცემათ დევნილებთან დაკავშირებული საკითხების მართვა, აგრეთვე არჩევნების გზით დაკომპლექტდება დევნილთა წარმომადგენლობითი ორგანოები”, - ნათქვამია პროგრამაში.

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, კონფლიქტების მოგვარების საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. 

კომენტარები