სამთავრობო პროგრამა

ახალი მთავრობის მიზანი პროკურატურისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდა იქნება

facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი სამთავრობო პროგრამის მიხედვით, ახალი მთავრობა იმუშავებს იმისათვის, რომ გაიზარდოს პროკურატურისადმი საზოგადოების ნდობა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროკურატურის ფუნქცია იქნება საზოგადოების დაცვა დანაშაულისაგან, ბრალდებულისა და მსჯავრდებულის, აგრეთვე დაზარალებულის კანონიერ უფლებათა დაცვა და საგამოძიებო ორგანოთა მართლზომიერი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მათი საქმიანობის ზედამხედველობით.

ღარიბაშვილი, როგორც მთავრობის მომავალი მეთაური, პირობას დებს, რომ გაგრძელდება პროკურატურის დეპოლიტიზაციის პროცესი.

"ამ მხრივ უკვე გადაიდგა ნაბიჯები და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში პროკურატურა ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სამართალდაცვის ორგანოდ. მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან ღონისძიებებს პროკურატურის სისტემაში მომუშავე პირთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით, რათა პროკურორებს შეეძლოთ ღირსეულად მიიღონ ახალი გამოწვევები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა რეალური თანასწორობის პირობებში", - წერია ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამაში.

დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ განსაკუთრებით შეეწყობა ხელი დანაშაულის გამოვლენასა და გამოძიებას, მათ შორის, საგამოძიებო საქმიანობის ხარისხის ამაღლების გზით. განხორციელდება სამართლიანი სასჯელის პოლიტიკა; პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, ისევე როგორც სასჯელის მოხდის, რეჟიმი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და სრულად იქნება დაცული ადამიანის უფლებები.

"საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი შეიძენს სწრაფი, ეფექტიანი და, ამასთან, სამართლიანი მართლმსაჯულების მექანიზმის თვისებებს; მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული დაზარალებულის ინტერესები. დაზარალებულის უფლებები გახდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნების შესაბამისი; დაიხვეწება სისხლის სამართლის კოდექსი; შემუშავდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის პარალელურად, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა რესოციალიზაციის პოლიტიკის განხორციელებას", - წერია სამთავრობო პროგრამაში. 

ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მთავრობას საქართველოს პარლამენტმა ნდობა დღეს, 20 ნოემბერს უნდა გამოუცხადოს.

კომენტარები