ვატიკანმა რომის კატაკომბებში არსებული რესტავრირებული ფრესკები წარმოადგინა, სადაც ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს ყველაზე ადრეული, 230-240 წლით დათარიღებული გამოსახულებაა შემონახული. ერთ-ერთ ფრესკაზე გამოსახულია ხელებააღპყრობილი ქალი, სავარაუდოდ, წმინდა პრისცილა (იგივე პრისკილა) საღვთისმსახურო შესამოსელში, რაც ზოგიერთი მკვლევრის აზრით, იმის დასტურია, რომ ადრექრისტიანულ ეპოქაში ქალები ლიტურღიას აღასრულებდნენ და, შესაბამისად, სასულიერო ხარისხიც ეძლეოდათ. პრისცილა მოციქულთა საქმეებშია მოხსენებული.
თუმცა ვატიკანის წმინდა არქეოლოგიის კომისიის უფროსის, ფაბრიციო ბისკონტის აზრით, ასეთი განმარტება შესაძლოა არასწორი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ კატაკომბთა ოფიციალური ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სცენა, სადაც პრისცილაა გამოსახული, ცხადად მიანიშნებს, რომ საქმე გვაქვს წმინდა ევქარისტიის აღსრულებასთან, რომელსაც პრისცილა უძღვება, ბისკონტი მიიჩნევს, რომ იქ უბრალოდ ქალის ლოცვაა გამოსახული.
ქალთა ხელდასხმას არც კათოლიკე, არც მართლმადიდებელი და არც პროტესტანტული ეკლესიების დიდი ნაწილი არ მიესალმება. ეს ეკლესიები მიიჩნევენ, რომ ქრისტეს არ გამოურჩევია არცერთი ქალი მოციქული, შესაბამისად, ქიროტონია შეიძლება აღსრულდეს მხოლოდ მამაკაცზე. ქალთა ქიროტონიის მომხრეები კი ამ აზრს არ ეთანხმებიან და არგუმენტად მოჰყავთ ქალთა მსახურების შემთხვევები ახალი აღთქმის პერიოდსა და ადრექრისტიანულ ეპოქაში. მათი თქმით, ქრისტეს არც არაებრაელი მოციქულები გამოურჩევია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სასულიერო ხარისხი მხოლოდ ებრაელთა პრივილეგიაა.





