მინისტრობის კანდიდატები

ხიდაშელი: ჭიკაიძე პარლამენტში მოხვდა ჰიენების კლუბში

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის შეფასებით, პარლამენტში გამოსვლისას, შს მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე ჭიკაიძე ნამდვილად დაბნეულად გამოიყურებოდა. როგორც ხიდაშელმა მაესტროს ეთერში, ტოკშოუ არგუმენტებში განაცხადა, ეს სრულიად გასაგებია.

"ახალგაზრდა კაცი დღეს მოხვდა ჰიენების კლუბში. ამიტომ, სრულიად გასაგებია, რომ მან ვერ მოახერხა ამ ჰიენებთან გამოსვლისას, ისე სხარტად საუბარი, როგორ ჩვენ. ჩვენ ამ წლების განმავლობაში, უკვე მივეჩვიეთ მათთან ტონალობის შერჩევას. სხვათაშორის, ირაკლი ღარიბაშვილმაც ამ ერთი წლის მანძილზე, კარგად ისწავლა როგორ უნდა ელაპარაკოს ამათ. კარგიც არის, რომ შს მინისტრობის კანდიდატმა თავი შეიკავა პოლიტიკურ დისკუსიაში ჩაბმისგან, რადგან სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენ მოვუწოდებდით წინა ხელისუფლებას, რომ მაინცდამაინც პოლიტიკურად დატვირთული არ იყოს ტექსტები, რომლებითაც შს მინისტრები გვესაუბრებიან" - თქვა ხიდაშელმა.

გადაცემის წამყვანმა უმრავლესობის წევრს ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებაზეც ჰკითხა, რომლის მიხედვითაც, შს მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე ჭიკაიძე, 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, თუმცა, დამარბეველი არ ყოფილა.

"თუ ადამიანი, რომელიც 26 მაისის აქციაზე იყო, ახლა ინიშნება შს მინისტრად, ეს ძალიან კარგად მეტყველებს ჩვენს ხელისუფლებაზე. ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენ არ ებრძვით იმ ადამიანებს, ვინც გასულ წლებში მუშაობდნენ. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი იყო მსხვერპლი, ვინც ამათ დავალებას ასრულებდა, რადგან სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. მთავარია, რომ გამოძიება დასრულდეს ამ სისტემის შემოქმედების მიმართა, რათა დავადგინოთ ყველა დანაშაული, ვიპოვნოთ - ვინ გასცემდა ბრძანებებს და არ ვებრძოლოთ იმ ადამიანებს, ვინც რამე სახით იყვნენ დასაქმებულები საჯარო სექტორში. ჩვენ უბრალოდ, გვინდა სამართლებრივად გავარკვიოთ -  რა ხდებოდა ცხრა წლის განმავლობაში" - თქვა ხიდაშელმა. 

კომენტარები