პრემიერმინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს რომელიმე პროკურორის მიერ ხურჩის ინციდენტის გამოძიების საქმეში სერგეი ბაღაფშის გამონათქვამების ჩადება ნორმალურად არ მიაჩნია. ასე უპასუხა პრემიერობის კანდიდატმა უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის კითხვას. დეპუტატი დაინტერესდა, რამდენად ნორმალურად მიაჩნია მომავალ პრემიერს, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში არის დისკი - სერგეი ბაღაფშის ინტერვიუს ჩანაწერით.
"მინდა იცოდეთ, რომ ქართული პროკურატურა ქართველი პატრიოტის რომან შამათავას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ამაგრებს სეპარატისტი სერგეი ბაღაფშის მტკიცებულებებით", - მიმართა წიკლაურმა ღარიბაშვილს.
ღარიბაშვილის განცხადებით, მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და გაარკვევს.
"მაგრამ, მე გეტყვით აბსოლუტური გულწრფელობით, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რაღაც შეცდომები იყო დაშვებული. ჩვენ კარგად ვიცით, რაც იყო და როგორც იყო. თუ ხურჩის საქმეზე მეკითხებით, მეც გეტყვით, რომ მაქვს სერიოზული ეჭვები. საკუთარ ხალხს არასოდეს უნდა მოუწყო ტერაქტი იმისათვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვო. ხურჩის ინციდენტის დროს დაიჭრა ჩვეულებრივი მოქალაქე. თქვენ ძალიან კარგად იცოდით, რაც მოხდა და ეს უნდა აღიაროთ", - მიმართა ღარიბაშვილმა უმცირესობას, რამაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია. გიორგი ბარამიძემ იკითხა, ვის რა უნდა ეღიარებინა.
"ის, რომ ტერორისტული აქტი მოუწყვეთ საკუთარ მოქალაქეებს", - უპასუხა ღარიბაშვილმა.
უმცირესობის კიდევ ერთმა წევრმა გივი თარგამაძემ კი ღარიბაშვილს უთხრა, რომ ვერ აცნობიერებს, რა მდგომარეობაში იმყოფება.
"თავი რად წარმოიდგინეთ?! თქვენ ხართ პრემიერობის კანდიდატი. ბიძინა ივანიშვილიც კი არ ხართ. იშვერთ ხელს - "ტერაქტი ჩაიდინეთო"! მოსამართლე ხართ თუ ვინ ხართ?! ხურჩის ტერაქტი არ არის დადასტურებული ფაქტი და როცა მოსამართლე იტყვის, მერე ილაპარაკეთ. მანამდე ასე ხელების გამოშვერით ნუ ლაპარაკობთ", - მიმართა თარგამაძემ ღარიბაშვილს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნა, რომ საბოლოოდ ბევრი რამე გაირკვევა, მათ შორის დამკვეთიც.





