შეხვედრა უმცირესობასთან

ჭიკაიძე: თუ ჩემი ნათესავები პროფესიონალები გამოდგებიან, რატომაც არ დავასაქმებ?

ალექსანდრე ჭიკაიძე
შსს

"თუ ჩემი ნათესავები პროფესიონალები გამოდგებიან, რატომაც არ დავასაქმებ სამინისტროში?!" – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პარლამენტში, უმცირესობის სხდომაზე განაცხადა. ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა, აპირებს თუ არა ჭიკაიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზის გაგრძელებას და შს უწყებაში მისი ნათესავების, მეგობრებისა და ახლობლების მიყვანას.

"ნეპოტიზმის ნათელი მაგალითი ხართ ამ დარბაზში. პრემიერმინისტრობის კანდიდატმა თავად თქვა, რომ მისი ახლობელი ხართ და ამიტომაც იქნებით შს მინისტრი. ასე რომ არ იყოს, ვერც იმ გზას გაივლიდით 9 თვეში, რასაც ჩინების მატება ჰქვია. მე მაინტერესებს, იგივეს გაგრძელებას აპირებთ თუ არა ანუ მიიყვანთ თუ არა სამინისტროში თქვენს მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს, ნათლიებს", - მიმართა ნადირაშვილმა ალექსანდრე ჭიკაიძეს, რომელმაც თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაწყებულ გზას სრულად და პირნათლად განაგრძობს. 

"თუ კარგი პროფესიონალები გამოდგებიან ჩემი ნათესავები, რატომაც არ დავასაქმებ სამინისტროში?!", - იკითხა შს მინისტრობის კანდიდატმა.

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მთავრობაში ნათესავების დასაქმებაზე საუბარს სამარცხვინო უწოდა.

"ირმა ნადირაშვილი არის ჩემი ნათესავი, მისი მეუღლე თბილისში გამგებელი. ნუთუ არ გრცხვენიათ თქვენ, რომ ამაზე საუბრობთ?! თქვენი ნათესავები წლების განმავლობაში მუშაობდნენ და ახლაც მუშაობენ ჩვენი მთავრობის პირობებში. ამ კითხვაზე სერიოზულად ვერ გიპასუხებთ. ის, რომ რამდენიმე ჩემმა ნათესავმა როგორ გაბედა და მუშაობს სადღაც, ამას ვერ მივიღებ. 9 წლის განმავლობაში სააკაშვილი თავის ნათესავებზე 1 ლარად ჰყიდდა ქვეყნის ქონებას. მაშინ სად იყავით? მე არასოდეს არაფერი დამიმალავს", - აღნიშნა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა, თუ როდის დაიწყებს ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობაში ნეპოტიზმის ფაქტების აღმოფხვრას.

კომენტარები