კოალიცია ქართული ოცნება

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, შესაძლოა, კახა კალაძე გახდეს

პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის კახა კალაძის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ დეპუტატმა გია ვოლსკიმ ისაუბრა.

ვოლსკის განმარტებით, კალაძის კანდიდატურა ერთადერთია, რომელიც ამ დროისთვის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მოიაზრება. “მე მის კანდიდატურას მხარს სიამოვნებით დავუჭერ, რადგან ამ საკითხისადმი პოზიტიურად ვარ განწყობილი”, - თქვა ვოლსკიმ.

კახა კალაძეს პარტიის გენერალურ მდივნად დანიშვნის შემთხვევაში, ის დეპუტატ ირინა იმერლიშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც უახლოეს მომავალში უშიშროების საბჭოს მდივანი გახდება.

აღნიშნულ ცვლილებებს ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო 24 ნოემბერს დაგეგმილ ყრილობაზე დაამტკიცებს, ასევე ყრილობაზე აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს და ამ პოსტს, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს. ამასთან, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 26-დან 12-მდე შემცირდება.

 

კომენტარები